ლარის კურსი

კვირიკაშვილი: ლარის კურსის ძველ ნიშნულთან დაბრუნებას გამოვრიცხავ

ტაბულა

ლარის კურსის ძველ ნიშნულთან დაბრუნებას გამოვრიცხავ, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კვირის პალიტრასთან ინტერვიუში განაცხადა.

კვირიკაშვილის თქმით, შესაძლოა ზაფხულში ლარი გამყარდეს, თუმცა ძველ ნიშნულს ვერ დაუბრუნდება.

„ძალიან რთულია ამის თქმა, თუმცა, ძველ ნიშნულზე ლარის კურსის დაბრუნებას გამოვრიცხავ... შესაძლოა, ზაფხულში უფრო დასტაბილურდეს ვითარება და ლარი გამყარდეს. თუმცა, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის მისაღწევად რა იქნება უკეთესი - არ დავუშვათ ლარის გამყარება, იმავე დონეზე დავტოვოთ თუ სხვა, ამას ეროვნული ბანკი გადაწყვეტს. შემოდგომის ვითარება კი დიდად არის დამოკიდებული ჩვენ გარშემო პოლიტიკური სიტუაციის განვითარებაზე. თუმცა, მნიშვნელოვან რყევებს ნამდვილად აღარ ველოდებით. ჩვენ გარშემო ქვეყნებსა და მთავარ სავაჭრო პარტნიორებთან ჩვენი ვალუტის გამყარების შედარებითი მაჩვენებლები უნდა იძლეოდეს საფუძველს ქვეყნის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობისთვის, ექსპორტის წახალისებისთვის“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

კვირიკაშვილმა მთავრობის სამნაწილიან გეგმაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საპრივატიზაციო მიმართულებით წარუმატებლობის შემთხვევაში სათადარიგო გეგმაც არსებობს.

„გეგმის პირველი ნაწილი მოგვცემს მოკლევადიან პერსპექტივაში სავალუტო სტაბილიზაციის ეფექტს. შემდეგი ეტაპები უფრო ქვეყნის განვითარების სტრატეგიასთან არის კავშირში, როგორიც არის ექსპორტის და ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოების წახალისება. ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, უამრავი ობიექტი მოვამზადეთ საპრივატიზაციოდ, გამოვიტანეთ კიდეც, ნაწილიც მზადდება. აქამდე რატომ არ ვახორციელებდით პრივატიზაციას? შარშან 100 მილიონი ლარი შემოვიდა პრივატიზაციიდან, რაც ცოტა არ არის. გაჩერებული არ ვყოფილვართ, უბრალოდ, ძალისხმევის გაორმაგებაზეა ლაპარაკი. 100%-ით, რა თქმა უნდა, არაფერი სრულდება. თუ დანაკლისი გვექნება საპრივატიზაციო მიმართულებით, სათადარიგო გეგმაც გვაქვს. შესაძლოა, ტურიზმით დავაბალანსოთ, შესაძლოა, უფრო მეტი ვალუტის შემოტანა მოხდეს დონორების დაფინანსებით და ინფრასტრუქტურული პროექტების ზესაბიუჯეტო პორტფელის უფრო გაზრდით. რამდენიმე გზა არსებობს, თუმცა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ იმ ობიექტების მიმზიდველობა, რომლებიც საპრივატიზაციოდ შევარჩიეთ, საკმაოდ მაღალია”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები