გამოძიება გივი თარგამაძეზე

კანდელაკი: პრემიერმა ალბათ არ იცის, რომ დეპუტატი დაცულია კონსტიტუციით

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი კანდელაკი ეხმაურება პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართვას საგამოძიებო უწყებებისადმი, რომ გივი თარგამაძის მიერ რუსლან ბაზიაშვილისგან ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს. კანდელაკმა ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში ისაუბრა.

"გასაგებია, რომ პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი არ არის განათლებული ადამიანი, მას არ გააჩნია ელემენტარული საუნივერსიტეტო განათლება. აღარაფერს ვამბობ ამ თანამდებობისთვის შესაფერის კვალიფიკაციაზე და მან ალბათ არ იცის, რომ პარლამენტის წევრი დაცული არის კონსტიტუციის 52-ე მუხლით და ასევე სხვა კანონებით. არ არის ვალდებული გაამჟღავნოს წყარო ინფორმაციის, თუკი ეს ინფორმაცია მას მიეწოდა, როგორც პარლამენტის წევრს. ეს ნორმა ნარჩუნდება პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგაც კი. ძალიან ელემენტარულს ვსაუბრობთ, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ პარლამენტის წევრის მოვალეობაა, რომ თუ აღმოაჩენს უკანონობას, ამის შესახებ საჯაროდ განაცხადოს", - თქვა კანდელაკმა.

ცნობისთვის, დღევანდელ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გენერალურმა ინსპექციამ დაადგინა იმ თანამშრომლის ვინაობა, ვინც შსს-ს ბაზაში არსებულ დაცულ ინფორმაციას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს გივი თარგამაძეს სისტემატურად აწვდიდა. შსს-ს მტკიცებით, "საპატრულო პოლიციის თანამშრომელი რუსლან ბაზიაშვილი თავისი კუთვნილი გენერირების მოწყობილობა „დიჯიპასის“ მეშვეობით სამინისტროს დაცულ კომპიუტერულ ბაზაში შევიდა, მოქალაქე რამაზ დევაძის შესახებ ინფორმაცია არასამსახურებრივად მოიძია და საზღვრის კვეთის ამსახველი ფოტომასალა გივი თარგამაძეს მიაწოდა". ამის გამო, ბაზიაშვილი და კიდევ შსს-ს რვა თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

კომენტარები