გიგი უგულავას საქმე

NGO-ები: მყარდება ეჭვი, რომ უგულავას პატიმრობაში ყოფნა ხელისუფლების თვითმიზანია

არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავასთვის წინასწარი პატიმრობის მეორედ შეფარდების თაობაზე. ხელმომწერი ორგანიზაციების შეფასებით, პროკურატურისა და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საფუძვლიანად ბადებს ეჭვებს პოლიტიკურად მოტივირებულობასთან დაკავშირებით. ისინი მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, უარი თქვას მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანოების პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნებისთვის გამოყენებაზე. მათივე შეფასებით, უგულავასთვის 7 ნოემბრის საქმეზე კვლავ წინასწარი პატიმრობის შეფარდება ამყარებს საზოგადოების ნაწილში არსებულ განცდას, რომ ხელისუფლების თვითმიზანი პოლიტიკური ოპონენტის, გიორგი უგულავას პატიმრობაში ყოფნაა.

"ხელმომწერი ორგანიზაციები შეშფოთებით ვეხმაურებით თბილისის ყოფილი მერის, გიორგი უგულავას მიმართ წარმოებულ სისხლისსამართლებრივ დევნას, რომლის ფარგლებშიც პროკურატურისა და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საფუძვლიანად ბადებს ეჭვებს პოლიტიკურად მოტივირებულობასთან დაკავშირებით და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უარი თქვას მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანოების პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნებისთვის გამოყენებაზე.

2015 წლის 14 მარტის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება გიორგი უგულავასათვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ. ეს მაშინ, როდესაც უგულავას მიმართ წარმოებულ ერთ-ერთი ბრალდების საქმეზე აღკვეთის ღონისძიების მაქსიმალური, 9 თვიანი ვადა აპრილის დასაწყისში ეწურებოდა. სასამართლო, ახალი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას, დაეყრდნო უგულავას წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეს, რომელზეც პირი ბრალდებული 2014 წლის 28 ივლისიდანაა. პროკურატურის მიერ მსგავსი შუამდგომლობის დაყენება და სასამართლოს მიერ მისი დაკმაყოფილება მართლმსაჯულების ბოროტად გამოყენების პრეცედენტია, ხოლო საზოგადოების ნაწილში არსებული განცდა, რომ ხელისუფლების თვითმიზანი პოლიტიკური ოპონენტის, გიორგი უგულავას პატიმრობაში ყოფნაა, ამ გადაწყვეტილებით კიდევ უფრო გამყარდა.

გიგი უგულავას წინააღმდეგ წარმოებული საქმეების რაოდენობა, კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით ბრალდების წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნის ქრონოლოგია, სერიოზულ ეჭვებს ბადებს იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდებულის დაპატიმრება, ხოლო შემდეგ მისი ხანგრძლივი პატიმრობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავარი პროკურატურის თვითმიზნად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ უგულავა 2013 წლიდან დღემდე ათამდე სავარაუდო დანაშაულებრივ ეპიზოდზეა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული, სასამართლოს ჯერ არცერთ საქმეზე არ გამოუტანია შემაჯამებელი გადაწყვეტილება.

აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელმა „წინასწარი პატიმრობის დროს დარღვევების“ საკითხებში, პედრო აგრამუნტმა, 2015 წლის თებერვალში საქართველოში განხორციელებული ვიზიტის შემაჯამებელ განცხადებაში მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, არ გამოიყენოს წინასწარი პატიმრობა „პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის“. პედრო აგრამუნტი აღნიშნავს, რომ გაუკვირდა იმის გაგება, რომ წინა ხელისუფლების ბევრი წარმომადგენელი, რომლებიც ამჟამად ოპოზიციაში არიან, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, ზოგიერთი მათგანი კი – მკაცრ იზოლაციაშიც.

ხელისუფლებისათვის ყურადსაღები უნდა გახდეს გ.უგულავასთვის წინასწარი პატიმრობის მორიგ შეფარდებასთან დაკავშირებით საქართველოში ამერიკის საელჩოს მიერ გამოხატული შეშფოთებაც. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ყოფილი მთავრობის წევრებისთვის დამატებითი ბრალის წაყენება ან ბრალდების კვალიფიკაციის შეცვლა, განსაკუთრებით თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას წინააღმდეგ, წინასწარი პატიმრობის ცხრათვიანი ლიმიტისათვის გვერდის ავლის მცდელობას ჰგავს“. საელჩო ასევე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გადადგას ნაბიჯები კანონის უზენაესობის განსამტკიცებლად, რათა თავიდან აიცილოს ნებისმიერი აღქმა,რომ ის პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების კამპანიაშია ჩართული", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, მედიის განვითარების ფონდი, იდენტობა, საქართველოს რეფორმების ასოციაცია, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი და კონსტიტუციის 42-ე მუხლი აწერენ.

კომენტარები