ირაკლი ღარიბაშვილსაც მივმართავ, სჯობს, ჩვენი გაკეთებული საქმეებით დავანახოთ საზოგადოებას ჩვენი უპირატესობა და ამით უკეთესად მოხდება ვიღაცეების რადარებიდან გაქრობა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა მაესტროს ეთერში განაცხადა.
უსუფაშვილის თქმით, ვინც ცდილობს, ნაციონალური მოძრაობა კანონდარღვევით, ძალადობითა და გულზე მჯიღის ცემით გააქროს, ის რეალურად ნაციონალურ მოძრაობას აძლიერებს.
"თუ ჩვენ მიზნად დავისახავთ რომელიმე პოლიტიკური პარტიის - ნაციონალური მოძრაობის ან თუნდაც რესპუბლიკური პარტიის გაქრობას, პოლიტიკურად რესპუბლიკურ პარტიას ეს მხოლოდ აძლიერებს. თუ გინდა პოლიტიკური ოპონენტის დამარცხება, ის არ უნდა აქციო მნიშვნელოვან მოვლენად, მას არ უნდა მიაწერო იმის კეთებაც კი, რაც არც კი დასიზმრებია, რომ ყველაფერს ის აკონტროლებს, რომ ყოვლისშემძლეა. ბოლოს და ბოლოს, ხალხი გიყურებს და ფიქრობს, კი მაგრამ, თუ ის არის ყოვლისშემძლე, შენთან რა მინდა, იმასთან მივდივარ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
უსუფაშვილმა პრემიერმინისტრს მიმართა და მოუწოდა გაკეთებული საქმით გააქრონ პოლიტიკური ოპონენტები რადარიდან და არა სხვა მეთოდებით.
"მე ჩემს კოლეგას და მეგობარს ირაკლი ღარიბაშვილსაც მივმართავ, საკუთარ თავსაც მივმართავ, ჯობია, ჩვენ ჩვენი გაკეთებული საქმეებით მეტად დავანახოთ საზოგადოებას ჩვენი უპირატესობა, ჩვენი სისწორე და საჭიროება ამ ქვეყნისთვის და ამით უკეთესად მოხდება ვიღაცეების გაქრობაც, რადარებიდან წასვლა და პროცენტების დაწევა. საქართველოს მოსახლეობა არის მოცემულობა - ის ვერ იმატებს და ვერ იკლებს ჩვენი სურვილებიდან გამომდინარე. რაც მეტ ადამიანს მოვწონვარ მე, რაც მეტი ადამიანი მიიჩნევს, რომ ჩვენ სწორი რეფორმა ჩავატარეთ ჯანდაცვაში, ამაზე უკეთესი წინადადებები თუ გვექნება, ჩვენს მიერ გარემონტებული გზები, მომატებული პენსიები, გათავისუფლებული ბიზნესი და მედია, აშენებული შენობები და ა.შ., ამის კეთებით მოხდება ის, რომ თუ წინა არჩევნებზე მხარს გვიჭერდა 57%, ახლა ბევრს და კარგს რომ გავაკეთებ, კიდევ დამიჭერს მხარს 17% და ვის მოაკლდება ეს 17%? იმ ვიღაცას, ვისი რადარიდან გაქრობა თუ დასუსტებაა ამოცანა. თუ პირიქით იქნება ეს ამბავი, მე ვილაპარაკებ, რომ ახლა ამის დასასუსტებლად ვაკეთებ ამას და არა შენს გასაძლიერებლად, ძვირაფასო მოქალაქე, პროცესი წავა პირუკუღმა", - განაცხადა უსუფაშვილმა.





