გიგი უგულავას საქმე

უგულავა: საერთო სასამართლოებში გამართულ პროცესებს აღარ დავესწრები

Gigi Ugulava
Tabula

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ მსჯელობენ. პროკურატურა თბილისის ყოფილი მერისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. პროცესი რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. თბილისის ყოფილმა მერმა კი სასამართლო დარბაზი დატოვა. გიგი უგულავამ თქვა, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება, საერთო სასამართლოებში გამართულ არც ერთ პროცესს აღარ დაესწროს. ამის შემდეგ პროცესი ყველა დამსწრემ მოსამართლისა და პროკურორების მიმართ შეურაცხმყოფელი შეძახილებით პროტესტის ნიშნად ხმაურით დატოვა. დარბაზში მხოლოდ მოსამართლე, პროკურორები და ადვოკატები რჩებიან.

საქმე 7 ნოემბრის საქმეს ეხება, რომლის მიხედვითაც პროკურატურა მას სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებთან ერთად 7 ნოემბრის აქციის დარბევას, ტელეკომპანია იმედში შეჭრისა და ბადრი პატარკაციშვილის ქონების უკანონოდ ხელში ჩაგდების საქმეს ედავება და რომელსაც გუშინ მთაწმინდის პარკის ქონების გაფლანგვა და ლეგალიზაცია დაემატა.

გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა სხვა საქმეზე, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაზე აქვს შეფარდებული. პატიმრობის ვადა 2 აპრილს იწურება.

კომენტარები