ბიძინა ივანიშვილის გადაცემა

ბიძინა ივანიშვილის გადაცემა კვირას 20:30-ზე გავა GDS-ის ეთერში

ტელეკომპანია GDS-მა ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებული გადაცემის 20/30-ის პრომო გამოაქვეყნა, რომლის გასვლაც ეთერში კვირას 20:30-ზე იგეგმება. გამოქვეყნებულ პრომოში არ ჩანს ექსპრემიერი ივანიშვილი.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი, საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში წინა წლის ნოემბერში აცხადებდა, რომ მან საზოგადოება 20/30 შექმნა და იგივე საზოგადოება ტელეკომპანია GDS-ის ეთერში ამავე სახელწოდების პროექტს შესთავაზებდა საზოგადოებას. მისივე თქმით გადაცემა ეთერში ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით გავიდოდა, ხოლო კვირას, სამ წამყვანთან ერთად გადაცემაში მონაწილეობას თავად ბიძინა ივანიშვილი მიიღებდა. ივანიშვილი აცხადებდა, რომ დღეს საზოგადოებაში საინფორმაციო ვაკუმია შექმნილი და ის აპირებს ანალიტიკოსების მომზადებას ახლადშექმნილი საზოგადოების ფორმატში.

"სახელით - 20/30 - ტელეპროექტი გვექნება, სადაც კვირაში ერთხელ, კვირაობით ალბათ, მე პირადად. ყოველკვირეული ანალიტიკური გადაცემა იქნება GDS-ზე 20/30 საზოგადოების, 20/30 – ოცი ოცდაათად დავამრგვალეთ და ეს სახელი გვინდა შევინარჩუნოთ. პროექტსაც იგივე სახელი დავარქვით. ალბათ ყოველდღიური ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით იქნება რაღაც დროით ეს ანალიტიკური გადაცემა, სადაც სამი ანალიტიკოსი და კიდევ მოწვეული ჩვენი ჯგუფიდან, საზოგადოება 20/30-დან და ესევე გარედან საინტერესო პიროვნებებით მოხდება ანალიზი. სტრატეგიაზეც, როდესაც არსებული მოვლენები არ იქნება იმდენად საინტერესო და დაგვრჩება ვაკუუმი და სტრატეგიაზეც ვისაუბრებთ და სხვადასხვა თემებს შემოვიტანთ ჩვენ მიერ გადამუშავებულს. და კვირაობით მე მოვახერხებ 1 საათის განმავლობაში 3 წამყვანთან ერთად, ძირითადი ანალიზი გავაკეთო.

მე წამყვანი საერთოდ არ ვიქნები, თუმცა წამყვანებთან ერთად ვიქნები. თანაწამყვანობა როდესაც მე ვთქვი და რაც ძალიან არ მოეწონა ბევრს, მაგრამ ამაშიც არავითარ ტრაგედიას არ ვხედავ ამ როლის შესრულებაც რომ მომიწიოს" - განაცხადა წინა წლის ნოემბერში ივანიშვილმა.

კომენტარები