მთავრობის სხდომა

ენმ-ის წევრებს მთავრობის სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს

radiotavisupleba.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს - ზურაბ ჯაფარიძესა და სერგო რატიანს მთავრობის სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ განუმარტა, რომ დეპუტატების მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე დასწრებას კანონი არ ითვალისწინებს. 

„მთავრობის საქმიანობის შესახებ კანონში წერია, ვინ ესწრება მთავრობის სხდომას. მთავრობის სტრუქტურის საქმიანობის შესახებ კანონის თანახმად გაწერილია ის თანამდებობის პირები, ვისაც შეუძლია სხდომაში მონაწილეობის მიღება. მათ შორის არ არის პარლამენტის წევრები. მობრძანდით, იყავით მთავრობის ადმინისტრაციაში, მაგრამ არა - სხდომაზე", - მიმართა თადუმაძემ ენმ-ის წევრებს.

სერგო რატიანის და ზურაბ ჯაფარიძის თქმით კი, მათ სხდომაში მონაწილეობა კი არა, სხდომაზე დასწრება სურდათ. საპასუხოდ, შალვა თადუმაძემ აღნიშნა, რომ მთავრობის სხდომები დახურულ ფორმატში იმართება. 

"მთავრობის სხდომა არის ზოგადად დახურული. თუ არ იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ მთავრობის სხდომა არის ღია, სხვა შემთხვევაში სხვა პირი ვერ ესწრება, გარდა კანონით გაწერილი პირებისა", - თქვა თადუმაძემ.

ცნობისთვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ზურაბ ჯაფარიძე და სერგო რატიანი მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე დასასწრებად მივიდნენ. 

"მთავრობის სხდომაზე ვართ მოსული. სურვილი გვაქვს, რომ მას დავესწროთ და მოვუსმინოთ, რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს მინისტრთა კაბინეტი, რომ ქვეყანა გამოიყვანოს ეკონომიკური კრიზისიდან. ჩვენ ასევე აქ მოვედით კონკრეტული გეგმით, რომელსაც, თუ საშუალება მოგვეცემა, მთავრობას გავაცნობთ", - განუცხადა ინტერპრესნიუსს ზურაბ ჯაფარიძემ. 

კომენტარები