კრიზისი უკრაინაში

ნალივაიჩენკო: მაიდანზე რუს სნაიპერებს სურკოვი ხელმძღვანელობდა

telegraf.com.ua

გამოძიებით დადგენილია, რომ მაიდანზე უცხო ქვეყნის სპეცდანიშნულების ძალები მოქმედებდნენ. ამის შესახებ უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა ვალენტინ ნალივაიჩენკომ განაცხადა. მისი თქმით, სნაიპერებს, რომლებიც როგორც დემონსტრანტებს, ასევე უკრაინელ სამართალდამცველებს ესროდნენ, ვლადიმირ პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი ხელმძღვანელობდა. კიევში იმ დროს რუსული FSB-ს სამი ჯგუფი მოქმედებდა, უკრაინის უშიშროების 100-ზე მეტი მაშინდელი თანამშრომელი რუსულ სპეცსამსახურებზე მუშაობდა. 

დღეს კიევში მაიდნის ტრაგედიის წლისთავს აღნიშნავენ. 2014 წლის 20 თებერვალს, მაიდნის დაშლის რამდენიმედღიანი უშედეგო მცდელობის შემდეგ, ძალოვნებმა მაიდნის აქტივისტებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს. სულ ევრომაიდანზე 106 დემონსტრანტი, მათ შორის საქართველოს სამი მოქალაქე დაიღუპა. 22 თებერვალს პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა კიევი დატოვა, უკრაინაში ხელისუფლება შეიცვალა. კიევში დღეს მაიდანზე დაღუპულთა პატივსაცემად ღირსების მარში გაიმართება. ღონისძიებას რამდენიმე ქვეყნის ლიდერიც დაესწრება.

კომენტარები