ლარის კურსი

ბაქრაძე: ხელისუფლებას ვთავაზობთ გეგმას ეკონომიკური კრიზისიდან გამოსასვლელად

ხათუნა ხუციშვილი

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, ლარის გაუფასურება დაკლებულ ხელფასებსა და პენსიებს, გაძვირებულ კრედიტებსა და გადასახადებს ნიშნავს. ბაქრაძე მიიჩნევს, რომ მთავრობა და პარლამენტი "ფეხზე უნდა იდგეს" ამ პრობლემის გადასაჭრელად.

"ძალიან შეშფოთებული ვარ ლარის კურსის მატებით, რაც ნიშნავს დაკლებულ ხელფასებს, დაკლებულ პენსიებს, გაძვირებულ კრედიტებს, გაძვირებულ გადასახადებს. ეს არის ერთი და ძალიან ცუდი მხარე ამ პროცესის, თუმცა, ასევე მეორე ცუდი მხარე არის ის დამოკიდებულება, რასაც მთავრობა ამჟღავნებს იგივე პროცესის მიმართ. ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ყველგან ეძებენ დამნაშავეს, გარდა საკუთარი უმოქმედობისა და ცდილობენ, რომ ყველაფერი უცხოეთში მიმდინარე პროცესებს გადააბრალონ, მაშინ, როცა საზღვარგარეთ მიმდინარე პროცესებს ძალიან მცირე წვლილი აქვს ლარის გაუფასურებაში. ჩვენ ვხედავთ პარლამენტს, სადაც დღეს ვიმსჯელეთ უამრავ საკითხზე, მაგრამ არ გვიმსჯელია მთავარზე, რაც აწუხებს დღევანდელ მოსახლეობას - რა მოვუხერხოთ ლარს, როგორ გავაჩეროთ ლარის ვარდნა და როგორ დავეხმაროთ ხალხს. მე მიმაჩნია, რომ მთავრობაც და პარლამენტიც უნდა იდგეს ფეხზე და აკეთებდეს ყველაფერს ამ პრობლემის გადასაჭრელად და უნდა საუბრობდეს არა რაღაც კანონებზე, რომელიც თავისთავად მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ სიტუაციაში, მთავარია ლარის სტაბილურობა და ჩვენი მოსახლეობის პრობლემების მოგვარება. მინდა, ცალსახად დავაფიქსირო, ეს არის ის თემა, სადაც მე და ჩემი გუნდი არასდროს ვისაუბრებთ ნიშნის მოგებით, რადგან ასე საუბარი არ შეიძლება შენი ხალხის გაჭირვებაზე. ეს არის ის თემა, სადაც ჩვენ ხელისუფლებას ვთავაზობთ გეგმას, რომელიც მათ არ აქვთ საკუთარი არაკომპეტენტურობის გამო. ჩვენ ვთავაზობთ კონკრეტულად, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ იმისთვის, რომ ეს კრიზისი მოგვარდეს და გამოვიდეთ ეკონომიკური კრიზისიდან.",-თქვა ბაქრაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 20 თებერვლიდან ერთი აშშ დოლარი 2.1472 თეთრი ეღირება. ეროვნული ვალუტა კიდევ ექვსი თეთრით გაუფასურდა.

ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ 19 თებერვალს დადგენილი კურსი 2.0839 ლარი იყო. სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში კი, ერთი დოლარის შეძენა 2.22 თეთრად იყო შესაძლებელი. 

აღსანიშნავია, რომ დღევანდელ სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. თუმცა, ლარის გაუფასურება სებ-ის ინტერვენციამ ვერ შეაჩერა. 

ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზს იანვარში ექსპორტის $68-მილიონიანი შემცირება და ფულადი გზავნილების $23-მილიონიანი კლება წარმოადგენს. ექსპორტის შემცირებასთან ერთად აღსანიშნავია იმპორტის ზრდა, რაც ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გადინებას იწვევს. საქართველოში უცხოური ვალუტის მოცულობის შემცირება კი ეროვნული ვალუტის გაუფასურებას იწვევს.

კომენტარები