რუსეთ-ცხინვალის ე.წ. ხელშეკრულება

საგარეო უწყება მოსკოვსა და ცხინვალს შორის გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებას გმობს

mfa.gov.ge
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალში მოქმედ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის ე.წ. "სახელმწიფო საზღვრის შესახებ შეთანხმების" ხელმოწერის ფაქტს გმობს. საგარეო უწყების განცხადებით, ეს არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული მორიგი ქმედება და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელოვნური შეცვლის მცდელობა. 
 
"გარდა ამისა, ხელმოწერილი დოკუმენტით რუსეთის ფედერაცია ამაოდ ცდილობს შენიღბოს საქართველოს ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსია, რომელსაც შედეგად გამოიღებს რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის ე.წ. "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების" დაგეგმილი გაფორმება. 
ცხინვალის რეგიონი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი და არ წარმოადგენს დამოუკიდებელი საერთაშორისო სამართლის სუბიექტს. შესაბამისად, ნებისმიერი სახის მცდელობა, დაიდოს მასთან "შეთანხმება", წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას და არ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგებს. 
საგარეო საქმეთა სამინისტრო უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ამ უკანონო ქმედების გამო. საქართველოს მთავრობის მიერ რუსეთთან ურთიერთობების დეესკალაციის მიზნით მიღებული კონსტრუქციული ზომების მიუხედავად, მოსკოვი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციულ პოლიტიკას, რაც ეწინააღმდეგება მის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს", - აღნიშნულია განცხადებაში. 

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს ზემოხსენებულ ფაქტს და მიიღოს ქმედითი ზომები საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ მიმართული პოლიტიკის აღსაკვეთად. 
 
მოსკოვში ე.წ. სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო რეჟიმის საგარეო საქმეთა მინისტრისა და რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა სახელმწიფო საზღვრის შესახებ ე.წ. ხელშეკრულებას გუშინ მოაწერეს ხელი. რუსეთის პირველი დიპლომატის, სერგეი ლავროვის თქმით, გაფორმებული შეთანხმება გააბათილებს სპეკულაციებს იმის შესახებ, თითქოს რუსეთი სამხრეთ ოსეთის ანექსიას ცდილობს. მისივე განმარტებით, სამომავლო ურთიერთობები თანამშრომლობას სხვადასხვა საკითხებში, მათ შორის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში მოიცავს. თავის მხრივ, სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის დავით სანაკოევის თქმით, ხელმოწერილი შეთანხმების გარდა, მომზადდა დოკუმენტი, რომელიც ჟენევის დისკუსიის ფარგლებში საქართველოს მხრიდან ძალის გამოუყენებლობის გარანტიას ითხოვს.

კომენტარები