გიგი უგულავას საქმე

პროკურატურა: არსებობს საფრთხე, რომ უგულავა მიიმალება

სითი პარკისა და მარნეულის ეპიზოდთან დაკავშრებით გიგი უგულავას საქმეზე პროკურორები გირაოს შესახებ შუამდგომლობას არ ეთანხმებიან. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ გათავისუფლების შემთხვევაში ბრალდებულის მხიდან ახალი დანაშაულის საფრთხეც არსებობს. პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ მიმალვის საფრთხესთან ერთად, შესაძლოა, უგულავას პატიმრობიდან გათავისუფლებამ საზოგადოებაში არეულობა გამოიწვიოს. მათი კიდევ ერთი არგუმენტი საქმეში ახალი გარემოებების არარსებობაა. ამასთან, პროკურორების თქმით, არსებობს მიმალვის საფრთხე, რასაც ისიც ადასტურებს, რომ უგულავა აეროპორტში აიყვანეს. პროკურორები მოწმეებზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობაზეც საუბრობენ. 

"იმ შემთხვევაში, თუ გირაოს საფუძველზე გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიება შეიცვლება, არსებობს საფრთხე, რომ ის მიიმალება. ასევე არსებობს იმის საფრთხე, რომ ის მოახდენს ზეწოლას მოწმეებზე. შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავა დავაკავეთ მაშინ, როდესაც ის აპირებდა მიმალვას. აუცილებელია, პატიმრობა იყოს გამოყენებული" - აცხადებს ბრალდების მხარე.

პროკურორების არგუმენტებს აბსურდულს უწოდებენ გიგი უგულავას ადვოკატები. მათი თქმით, მიმალვის საფრთხე არ არსებობს, მაშინ, როდესაც სხვა ბრალდებების დროს ყოფილი მერი ქვეყნიდან გასვლას ყოველთვის მოსამართლეს უთანხმებდა. ადვოკატ ოთარ კახიძის ინფორმაციით, უგულავას საქმის შესახებ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მიიღო ყოფილი მერის სარჩელის აპლიკაცია, რომელშიც უკანონო დაკავებასა და პოლიტიკური მოტივით დევნაზეა საუბარი.

ბრალდებისა და დაცვის მხარის განცხადებების შემდეგ, მოსამართლემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, გათავისუფლდება თუ არა დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან.

კომენტარები