კრიზისი უკრაინაში

მერკელი: მინსკის შეთანხმების მიუხედავად, უკრაინაში სიტუაცია არასტაბილურია

REGIS DUVIGNAU / REUTERS

სიტუაცია უკრაინის აღმოსავლეთში არამდგრადია და გზა სრული მშვიდობისკენ რთული იქნება. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა. მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედების მიუხედავად, სიტუაცია არასტაბილურია, განსაკუთრებით ქალაქ დებალცევოს გარშემო, რაც მოსალოდნელი იყო.

"თავიდანვე ცხადი იყო, რომ წინ დიდი მუშაობა გველის და წარმატების გარანტიები არ არსებობს", - განაცხადა მერკელმა.

გერმანიის კანცლერმა, ასევე რუსეთის, უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა შესაძლოა სიტუაცია უკრაინაში ამ საღამოს კიდევ ერთხელ განიხილონ ტელეფონით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ განაცხადა.

ე. წ. ნორმანდიის ჯგუფის წინა სატელეფონო საუბარი გასულ საღამოს შედგა, მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება განიხილეს.  

ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბის ცნობით, დღეს შუადღეს სეპარატისტებმა პროვოკაციის მიზნით, დონეცკი მძიმე შეიარაღების გამოყენებით დაბომბეს, რის გამოც მშვიდობიანი მოსახლეობა დაზარალდა. კიევის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ამ დაბომბვასთან კავშირი არ აქვთ, თავად ეს აქცია კი საგანგებოდ რუსი ჟურნალისტებისთვის დაიგეგმა.   

კომენტარები