ლარის კურსის ვარდნა

საგარეო უწყება: არ გვგონია, ვიზების შემოღებას ლარის კურსზე ემოქმედა

ტაბულა

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის დავით კერესელიძის განცხადებით, "მე არ მგონია, ვიზების შემოღებას ლარის კურსზე ემოქმედა". როგორც დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე კერესელიძემ თქვა, ვიზების შემოღების საკითხი რეგულირდებოდა მიგრაციისა და უსაფრთხოების პოლიტიკის კონტექსტში.

"ვიზების შემოღების საკითხი არ იყო რაღაც ცალკე განყენებული საკითხი, ეს იყო ქვეყნის მიგრაციის პოლიტიკის და უსაფრთხოების კონტექსტში. ლარის კურსი ერთი თემა იყო და ვთქვათ, ტურისტების ნაკადის შემცირება - მეორე. მე არ მგონია და არ ვიცი, ეს ეკონომისტებს ვკითხოთ, ვიზების შემოღებამ რამდენად იმოქმედა ლარის კურსზე", - განაცხადა კერესელიძემ.

ცნობისთვის, კვირის პალიტრასთან ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა ტურიზმის შემცირების ერთ-ერთ მიზეზად სავიზო რეჟიმის გამკაცრება დაასახელა.

"მე ვფიქრობ, რომ გარკვეული შეცდომები დაუშვა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, როდესაც აბსოლუტურად გაუაზრებლად ძალიან ბევრ ქვეყანასთან გაამკაცრა სავიზო რეჟიმი. შეიძლება ჩემი წვლილიც იყოს ამ შეცდომაში, ეს ჩემს დროს თუ დაიწყო, არ დამიკონკრეტებია როდის მოახერხეს, მაგრამ საგარეო საქმეთა სამინისტროს გაკეთებულია და მე ვფიქრობ, აქაც გარკვეული გადაცდომები იყო გაკეთებული", - თქვა ივანიშვილმა.

კომენტარები