ფულადი გზავნილები

იანვარში ფულადი გზავნილების მოცულობა 44 მილიონი ლარით შემცირდა

REUTERS

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2015 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 146 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 23%-ით ანუ $23 მილიონით ნაკლებია.

ფულადი გზავნილების მოცულობა ყველაზე მეტად რუსეთიდან შემომავალ გზავნილებზე აისახა. 2014 წელს ფულადი გზავნილების 47% რუსეთზე მოდიოდა, 2015 წლის იანვარში კი რუსეთს ფულადი გზავნილების 34% უჭირავს. ფულადი გზავნილების მოცულობა შემცირებულია ასევე საბერძნეთიდან, იტალიიდან და უკრაინიდან. რუსეთიდან და უკრაინიდან შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობის შემცირება ამ ქვეყნებში არსებულ რთულ ეკონომიკურ პირობებს უკავშირდება. 

იანვარში ფულადი გზავნილების მოცულობის $23 მილიონით შემცირებას ექსპორტის $68 მილიონით შემცირებაც დაერთო. რაც იმას ნიშნავს, რომ იანვარში წინა წლის იანვართან შედარებით საქართველოში $91 მილიონით ნაკლები შემოვიდა. იმპორტის გაზრდა და ექსპორტის შემცირება იმ ფონზე, როდესაც უცხოური ინვესტიციები, ტურიზმი ან ფულადი გზავნილების მოცულობა იკლებს, ქვეყანაში არსებული უცხოური ვალუტის მოცულობის შემცირებას იწვევს, რაც თავის მხრივ ეროვნულ ვალუტაზე უარყოფითად აისახება. 

წინა წლის იანვართან შედარებით წელს საქართველოდან უცხოეთში $0,5 მილიონით მეტი გადაიგზავნა. სულ იანვარში საქართველოდან ფულადი გზავნილების სახით $12,5 მილიონი გაიგზავნა.

კომენტარები