უკრაინის კრიზისი

G7: მივიღებთ ზომებს მათ წინააღმდეგ, ვინც მინსკის შეთანხმებას დაარღვევს

G7 - დიდი შვიდიანის ქვეყნების დროშები
coslychacwbiznesie.pl

აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების გაგრძელების გამო დიდი შვიდეულის ლიდერები სადამსჯელო ზომების მიღებით იმუქრებიან. დიდი შვიდეულის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შესაბამისი ღონისძიებები ამოქმედდება მათ წინააღმდეგ, ვინც მინსკში შეთანხმებულ პუნქტებს არ შეასრულებს. 

"მინსკის პაკეტის იმპლემენტაცია აღმოსავლეთ უკრაინაში კრიზისის გადაჭრის გონივრული და მშვიდობიანი გზაა. თუმცა G7 კვლავ შეშფოთებულია აღმოსავლეთ უკრაინაში, კონკრეტულად კი დებალცევოს მახლობლად არსებული მდგომარეობით, სადაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები 2014 წლის სექტემბერში მინსკში დადგენილი საკონტაქტო ხაზის აქეთ მოქმედებენ. ამას უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე ეწირება. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, 15 თებერვალს ცეცხლის შეწყვეტის შეუფერხებლად ამოქმედების შემდეგ მკაცრად შეასრულოს ხელშეკრულების დებულებები. მზად ვართ, მივიღოთ შესაბამისი ზომები მათ წინააღმდეგ, ვინც დაარღვევს მინსკის პაკეტს და კონკრეტულად მათ წინააღმდეგ, ვინც არ ემხრობა ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილებას და მძიმე ტექნიკის გაყვანას" - ნათქვამია განცხადებაში.

თავის განცხადებაში დიდმა შვიდეულმა კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია, რაც საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევად შეაფასა. განცხადებაში დადებითად შეფასდა საერთაშორისო სავალუტო ფონდსა (IMF) და უკრაინის მთავრობას შორის მიღწეული შეთანხმება, რომელიც უკრაინაში ახალ ეკონომიკურ რეფორმებს ეხება. 

კომენტარები