დეპუტატის მანდატი

დეპუტატ დავით საყვარელიძის ადგილს პარლამენტში ეკა ხერხეულიძე დაიკავებს

ambebi.ge

დეპუტატ დავით საყვარელიძის ადგილს პარლამენტში ეკა ხერხეულიძე დაიკავებს. "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიაში საყვარელიძის შემდეგ სწორედ ხერხეულიძეა.

როგორც საყვარელიძემ გუშინ განაცხადა, ის უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ინსტიტუტების მშენებლობაში ჩაებმება. მან ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ხელძღვანელის პოსტზე განაცხადი შეიტანა.

"ხანგრძლივი ფიქრის და განსჯის შემდეგ, ჩვენს გუნდთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება, დავთანხმდე მეგობრების და კოლეგების თხოვნას და ჩავება უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ინსტიტუტების მშენებლობაში. საქართველოს და უკრაინის საერთო ფრონტის ხაზი არ მოიცავს მხლოდ აფხაზეთს, სამაჩაბლოს, დონეცკს, ლუგანსკს და ყირიმს. მივიღე რა შემოთავაზება უკრაინელი პარტნიორებისგან, გადავწყვიტე, ჩავება ბრძოლის არანაკლებ მნიშვნელოვან მიმართულებაში: უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლაში. ვეცდები, ჩვენს გუნდთან ერთად მაქსიმალურად დავიხარჯო უკრაინაში სამართლიანი და საზოგადოების ინტერესებისთვის მებრძოლი ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში", - აცხადებს საყვარელიძე.

საყვარელიძე მიიჩნევს, რომ იმ გამოცდილებით და ცოდნით, რაც ახალი ქართული და წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობისას თანამებრძოლებთან ერთად მიიღო, შეძლებს "ბრძოლის მნიშვნელოვანი ფლანგი გაამაგროს".

"დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის წარმატება, გამართულ ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება, ახალ ბიძგს მისცემს თავისუფლებისთვის მებრძოლ ყველა ქვეყანას ახალი, უფრო თამამი რეფორმების გატარებისთვის. საქართველოსთვის კი უბრალოდ თავის ბრძოლის გაგრძელებაა - ეს ერთი ფრონტია! აფხაზეთი, ყირიმი, ცხინვალი და ლუგანსკი, ქურდული სამყარო და ტოტალური კორუფცია - ეს ერთი მტრის, ერთი გამოწვევის სხვადასხვა მხარეებია და სადაც არ უნდა ვიბრძოლოთ, მოწინააღმდეგეც და მოკავშირეც ამ ბრძოლაში ერთი და იგივეა!" - აღნიშნავს საყვარელიძე.

კომენტარები