უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატები

საგანელიძე: ქუცნაშვილმა სიტყვები მოზომოს, თორემ შეიძლება, ცხვირი წაიმტვრიოს

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით საგანელიძის განცხადებით, მისი შეხვედრა პრეზიდენტთან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატების თემაზე კოალიცია ქართული ოცნების პოლიტსაბჭოზე გადაწყდა. საგანელიძემ ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, "ბევრი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსი უმრავლესობის სახელით კადრულობს მოლაპარაკებას და ამ დროს უმრავლესობის წევრებს არ აყენებენ საქმის კურსში", თავხედური უწოდა და "სიტყვების მოზომვა" ურჩია.

"მოვისმინე კიდევ დღეს ქუცნაშვილისგან ცოტა არაკორექტულად, უფრო დავაკონკრეტებ, თავხედურად ნათქვამი სიტყვა, რომ თურმე უმრავლესობის ლიდერი თავის თავს აძლევს უფლებას და უმრავლესობის სახელით ესაუბრება პრეზიდენტს. მინდა გითხრათ, რომ ჩემი პრეზიდენტთან მოლაპარაკებების წარმართვა გადაწყდა კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომაზე. ჩემი ვალდებულება არ გახლავთ, 90-ვე დეპუტატს შევხვდე და ცალ-ცალკე ვესაუბრო. ქუცნაშვილს მე ვუსურვებდი, რომ ახალგაზრდა კაცია და მეტი დაფიქრება, თავშეკავება, გუნდურობა და სიტყვების მოზომვა მართებს, იმიტომ რომ შეიძლება წაიმტვრიოს ცხვირი", - განაცხადა საგანელიძემ.

ცნობისთვის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ზაქარია ქუცნაშვილმა დღეს საკუთარი პროგრამა არასამთავრობო ორგანიზაციებს და იურისტებს წარუდგინა. უზენაესი სასამართლოს 28 კანდიდატიდან ქუცნაშვილი ერთადერთია, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის წევრია. აღსანიშნავია, რომ მმართველ გუნდში ქუცნაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით აზრები გაიყო. ქუცნაშვილი თვლის, რომ არავის აქვს უფლება, აუკრძალოს უზენაესი სასამართლოს პოსტზე კანდიდატურის დაყენება, რადგან გადაწყვეტილებას არა ქართული ოცნების პოლიტსაბჭო, არამედ საქართველოს პარლამენტი იღებს. მისი თქმით, "ზაქარია ყოველთვის სიმართლეს ეუბნება საზოგადოებას."

"ის, რაც განვაცხადე რამდენიმე დღის წინ, დაადასტურეს დიმიტრი ხუნდაძემ, ელისო ჩაფიძემ და 16-მა დეპუტატმა. ასე რომ, ზაქარია ყოველთვის სიმართლეს ეუბნება საზოგადოებას, ბევრი სხვა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსისგან განსხვავებით, რომლებიც უმრავლესობის სახელით კადრულობენ მოლაპარაკებას და ამ დროს უმრავლესობის წევრებს არ აყენებენ საქმის კურსში. სიმართლე დადასტურებულია, თუ ვინმეს მეტი დეპუტატის აზრის გაგონება სურს, კითხოს ცალკეულ დეპუტატებს და ისინი იტყვიან, იყო თუ არა ეს საკითხი უმრავლესობის ფორმატში განხილული და შეჯერებული", - თქვა ქუცნაშვილმა.

ქუცნაშვილი ვიცესპიკერ მანანა კობახიძის ნათქვამს გამოეხმაურა. კობახიძე ამბობდა, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე ყველას გასაგონად იყო შეჯერებული კრიტერიუმები.

"თუკი უმრავლესობა ფიქრობს, რომ სჯობს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მოქმედი პოლიტიკოსი არ იყოს, მაშინ ამის საპირისპირო კანდიდატს, უმრავლესობის მხარდაჭერა ვერ ექნება. ჩვენ, ჩვენს კრიტერიუმებზე უარს ვერ ვიტყვით", - აღნიშნა მანანა კობახიძემ.

ქუცნაშვილის თქმით კი, "პოლიტსაბჭო არ გახლავთ საქართველოს პარლამენტი. საქართველოს პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას და არა პოლიტსაბჭო. ეს არ გახლავთ მარტო ერთი პარტიის გადასაწყვეტი თემა. ეს გახლავთ საპარლამენტო უმრავლესობის გადასაწყვეტი. არავის აქვს გადაწყვეტილების მონოპოლიზების უფლება. თუ ჩვენ გვინდა თავისუფალი დემოკრატიული ქვეყნის აშენება, ასე უნდა ვიმოქმედოთ. თუ გვინდა ისევ, მერვე მოწვევის პარლამენტი იყოს მეშვიდე/მეექვსე მოწვევის პარლამენტის მსგავსი სანოტარო პალატა, მაშინ დაუკარით ტაში".

დამატებითი განმარტების გაკეთება მოუწია პრეზიდენტის ადმინისტრაციასაც. ადამიანის უფლებების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, კახა კოჟორიძემ განაცხადა, რომ არც პრეზიდენტს და არც მისი ადმინისტრაციის რომელიმე წევრს არსად არ უთქვამს, რომ პარტიის წევრობა აპრიორად ჩაითვლება პოლიტიკურ გავლენას დაქვემდებარებად.

ზაქარია ქუცნაშვილის კანდიდატურას მხარი ღიად დაუჭირა ქართული ოცნების 16-მა დეპუტატმა, რომლებმაც უზენაესი სასამართლოს კანდიდატურის შერჩევის კრიტერიუმები ღიად გააკრიტიკეს. მათი განცხადებით, რაიმე ნიშნით პოლიტიკური თუ სხვა საჯარო მოხელის დისკრიმინაციული სეგრეგაცია მიუღებელია.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევას სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. პრეზიდენტის მრჩევლის, კახა კოჟორიძის განმარტებით, პრეზიდენტი პარლამენტს 28 კანდიდატიდან მხოლოდ ერთს წარუდგენს.

კომენტარები