მთავრობის სხდომა

პრემიერი ბოდოკიაზე: ყველა, ვინც მსგავს შეცდომას ჩაიდენს, უმკაცრესად დაისჯება

facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრი თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ჯოკია ბოდოკიას დაკავებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ნებისმიერი პირი, ვინც მსგავს შეცდომას დაუშვებს, უმკაცრესად დაისჯება. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე თქვა, საქართველო მსოფლიოში აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა კორუფციის დაბალი მაჩვენებლით და მთავრობა ამ მონაცემის გაუარესებას არ დაუშვებს.

"კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით ხელისუფლება აქტიურ პოლიტიკას აწარმოებს და ყველა საჯარო მოხელე, ყველა პირი, ვინც მსგავს შეცდომას ჩაიდენს ან აპირებს ამის გაკეთებას, მინდა, იყოს დარწმუნებული, რომ ისინი დაისჯებიან ძალიან მკაცრად. საქართველომ მიაღწია იმას, ჩვენმა მთავრობამ, რომ ჩვენ მსოფლიოში ვართ ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული სახელმწიფო, მე-11 ადგილზე ვართ მთელ მსოფლიოში და ამის, ამ პოზიციის გაუარესების უფლებას არ მივცემთ არავის", - განაცხადა პრემიერმა.

მერიის მოქმედი მაღალჩინოსანი ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით, 180 000 აშშ დოლარის ქრთამის აღების ფაქტზე გუშინ დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, ჯოკია ბოდოკიამ ერთ-ერთი კერძო კომპანიის წარმომადგენელს სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაცემაში დახმარებისა და მშენებლობის პროცესში მფარველობის გაწევის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა სასტუმროს მშენებლობის ღირებულების 10 % – 180 000 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ ქრთამის სახით აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 50 000 აშშ დოლარი.

ჯოკია ბოდოკია, შევარდნაძის მთავრობის დროს, ფინანსთა სამინისტროს საფინანსო სამსახურის უფროსი იყო.

კომენტარები