ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვიცეპრემიერ გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სიტუაცია "საკმაოდ დამაიმედებელია". ამის შესახებ კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა კონკრეტულ პროექტებზე მუშაობს, რაც, მინისტრის ვარაუდით, შედეგებს აუცილებლად გამოიღებს.
"ჩვენ ეროვნულ ბანკთან გვქონდა იმ ზომების ერთობლივი განხილვა, რაც გასატარებელია იმისთვის, რომ საგადამხდელო ბალანსის დეფიციტი დაბალანსდეს. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ტურიზმი, პირდაპირი ინვესტიციები და ექსპორტის წახალისება, თუმცა ჩვენ გვაქვს სხვა ზომებიც, რომელსაც ვახორციელებთ და კონკრეტული პროექტების მიმართულებით ვმუშაობთ კონკრეტულ რეჟიმში. წლის დასაწყისი ნამდვილად რთული პერიოდია და, გამომდინარე საქართველოს გარშემო ქვეყნებში არსებული რთული ვითარებიდან, ჩვენი ექსპორტის მდგომარეობა არ არის სახარბიელო, მაგრამ ვფიქრობ, რომ სიტუაცია საკმაოდ დამაიმედებელია გამომდინარე იქიდან, რომ გატარებულ ქმედებებს ექნება კონკრეტული შედეგები. ჩვენ ვამატებთ კონკრეტულ პროექტებს ინფრასტრუქტურული მიმართულებით, ასევე პირდაპირი ინვესტიციების მიმართულებით გვაქვს მთელი რიგი ღონისძიება დაგეგმილი და ვმოქმედებთ შეთანხმებულ რეჟიმში. ჩვენს მიერ გატარებულ ზომებს ექნება კონკრეტული ეფექტები და ეს აუცილებლად მოხდება", - განაცხადა კვირიკაშვილმა.





