კორუფცია მერიაში

აბესაძე: თბილისის ბიუჯეტიდან ზედმეტად იფლანგება ასეულობით ათასი ლარი

თბილისის საკრებულო

საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - თბილისის" თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე მერიის მიერ კომპანიებთან - "დაგი" და "ცეკური", გაფორმებულ ხელშეკრულებებს საქართველოს პროკურატურაში გადააგზავნის. აბესაძის განცხადებით, "მერიაში ტენდერის გარეშე ხელშეკრულების გაფორმება ტრადიციად იქცა, რის გამოც თბილისის ბიუჯეტიდან ზედმეტად იფლანგება ასეულობით ათასი ლარი".

აბესაძე თვლის, რომ ხელშეკრულებების გაფორმება ერთ პირთან მოლაპარაკებით, თითქოს გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, არის სახელმწიფო შესყიდვების კანონის უხეში დარღვევა, რომლის ერთადერთი მიზანი საკუთარი კორფუციული მადის დაკმაყოფილებაა.

"საზოგადოებას არაეთხელ მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ დავით ნარმანიამ და ქართულმა ოცნებამ უკვე შეძლეს თბილისის მერიაში მრავალი საეჭვო, კორუფციული გარიგების გაფორმება, რაც, ზოგადად, სახელმწიფოში არსებული ტენდენციის პირდაპირი გაგრძელებაა. ამ მხრივ გამოსაყოფია საგზაო სამუშაოების წარმოებისას თბილისის მთავრობის მიერ გამოვლენილი კორუფციული ტენდენციურობა, არაპროფესიონალიზმი და უუნარობა, რისი პირდაპირი შედეგიცაა თბილისის დანგრეული გზები და უხარისხოდ ჩატარებული სამუშაოები.

თბილისის მერიაში ტრადიციად იქცა ტენდერის (ანუ კონკურენტული ვაჭრობის გარეშე) გარეშე ხელშეკრულების გაფორმება, რის გამოც თბილისის ბიუჯეტიდან ზედმეტად იფლანგება ასეულობით ათასი ლარი. ხელშეკრულებები კი ფორმდება ფირმებთან, რომლებსაც არანაირი გამოცდილება ასფალტის სამუშაოების წარმოების არ გააჩნიათ. მაგ: შპს "დაგი", რომელთანაც პირადად დავით ნარმანიას ერთპიროვნული გადაწყვეტილებით 14 ნოემბერს გაფორმდა 1 800 000-მდე ლარის ჯამური ღირებულების სამი ხელშეკრულება, საიდანაც 900 000 ლარამდე კომპანიამ ავანსად მიიღო. ხელშეკრულებები ასევე პირდაპირ ფორმდება "ქართული ოცნების" თანამდებობის პირების კომპანიებთან: მაგალითად, შპს "ცეკური", რომლის მფლობელი უმრავლესობის დეპუტატი სერგო ხაბულიანია. ამ კოპანიასთან ტენდერის გარეშე 14 და 19 ნოემბერს გაფორმდა 4 კონტრაქტი, ჯამური ღირებულებით 2 150 000 ლარი, საიდანაც კომპანიამ ავანსად უკვე მიიღო, 1 071 000 ლარი.

ცალსახაა, რომ ორივე კომპანიასთან მიმართებაში არსებობს "ქართული ოცნების" თანამდებობის პირების და დავით ნარმანიას პირადი ინტერესები. ასევე ხელშეკრულებების გაფორმებისა და შესრულების პროცესში იკვეთება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულების ნიშნები, საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვა, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სხვა. კერძოდ, "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის 101 მუხლის თანახმად, ერთ პირთან მოლაპარაკებით სახელმწიფო შესყიდვა შეიძლება, განხორციელდეს, თუ არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა და ასეთ შემთხვევაში შესასყიდი საქონლის რაოდენობა, სამუშაოს ან მომსახურების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად საჭირო შესაბამის ვადებს. მიუხედავად იმისა, რომ შვიდივე ხელშეკრულება გაფორმდა 14 და 19 ნოემბერს, ჩვენ 27 იანვარს (ანუ 2 თვეზე მეტი ხნის გასვლის შემდეგ) თბილისის მერიიდან მივიღეთ წერილი, სადაც საუბარია რომ სამუშაოების უმრავლესობა ჯერ დასრულებული არ არის, ხოლო რამდენიმე ქუჩაზე (მაგ: ლეონიძის ქუჩა, ჭავჭავაძის გამზირის #53-ის მიმდებარედ დასხვა) სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება (!).

ნათელია, რომ უკვე განვლილი თითქმის სამი თვის განმავლობაში ტენდერის ჩატარება მოესწრებოდა მინიმუმ ორჯერ მაინც და ორთვეზე მეტი ხნის შემდეგაც კი დაუსრულებელი და ჯერ არდაწყებული სამუშაოები, ნათელი ინდიკატორია, რომ ამ ხელშეკრულებების გაფორმება ერთ პირთან მოლაპარაკებით, თითქოს გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, არის "სახელმწიფო შესყიდვების კანონის" უხეში დარღვევა, რომლის ერთადერთი მიზანი საკუთარი კორფუციული მადის დაკმაყოფილებაა. ამით კი ხდება ამავე კანონის მოთხოვნების უგულებელყოფა, რომლის თანახმად, მერია ვალდებულია უზრუნველყოს საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვა და ხელშეკრულების გაფორმებისას კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის განვითარება.

ამ ყველაფრის შედეგად იფლანგება საბიუჯეტო სახსრები, არ სრულდება სამუშაოები და შესრულებული სამუშაოები არის უხარისხო, თუმცა, ამაზე პასუხისმგებლობას თბილისის მერი ვერ გრძნობს.

შესაბამისად, ჩვენ კომპანიებთან "დაგი" და "ცეკური" გაფორმებულ ხელშეკრულებებს, მათ შესაბამისად საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ან/და მითვისების აშკარა ფაქტებზე, მერიის თანამდებობის პირებთან შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე რეაგირების მიზნით გადავაგზავნით საქართველოს პროკურატურაში", - თქვა აბესაძემ ბრიფინგზე.

კომენტარები