კრიზისი დორტმუნდის ბორუსიაში

სეზონში მე-11 მარცხის შემდეგ, ბორუსიას ფანები მოთამაშეებს დაუპირისპირდნენ

dailymail.co.uk

4 თებერვალს, დორტმუნდის ბორუსიამ ბუნდესლიგაში ამ სეზონში უკვე მე-11 მატჩი წააგო და ცხრილში ბოლო ადგილს იკავებს.

ამჯერად, იურგენ კლოპის ფეხბურთელები აუგსბურგთან, საკუთარ მოედანზე ანგარიშით - 0:1 დამარცხდნენ.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი რაულ ბობადილიამ, 50-ე წუთზე გაიტანა. აღსანიშნავია, რომ სტუმრებს 64-ე წუთზე კრისტოფ იანკერი გაუძევეს, მაგრამ დორტმუნდელებმა რიცხობრივი უპირატესობით მაინც ვერ ისარგებლეს.

წლეულს, ბუნდესლიგაში გამართული 19 შეხვედრიდან, ბორუსიამ გამარჯვება მხოლოდ 4-ში მოიპოვა, გუშინდელი მარცხისგან გამოწვეულ უკმაყოფილებას კი ადგილობრივი გულშემატკივრები საყვარელი ფეხბურთელების მიმართ, განსაკუთრებული აგრესიით გამოხატავდნენ.

შეხვედრის დასრულებისას, გულშემატკივრების დასამშვიდებლად, ჯებირები გადაკვეთეს და ტრიბუნებისკენ გაეშურენ ბორუსას მეკარე - რომან ვაიდენფელერი და გუნდის კაპიტანი, მატს ჰუმელსი. ფეხბურთელებმა ფანების დამშვიდება სცადეს, თუმცა, როგორც ვიდეომასალაში და ფოტოებში კარგად გამოჩნდა, ამის გაკეთება ვერ შეძლეს.

გერმანულ პრესაში, დორტმუნდის ბორუსიას წარუმატებლობა კვლავ მთავარ განსახილველ თემად რჩება. 5 თებერვლის ბილდი წერს: "28 თებერვალს გუნდი დერბიში შალკეს შეხვდება, აქამდე კლოპს აქვს დრო, რომ ყველას უჩვენოს გვირაბის ბოლოს სინათლე, თუ ასე არ მოხდა, დღის წესრიგში მისი გუნდიდან გაშვების საკითხი დადგება".

გულშემატკივრების მთავარი სადარდებელი უკვე არა ჩემპიონობა, ან ევროთასებზე მოსახვედრ ზონაში მოხვედრა, არამედ მეორე ბუნდესლიგაში გასავარდნი ზონიდან თავის დაღწევაა. იმისათვის, რომ ბორუსია რანგით მეორე დივიზიონში არ გადავიდეს, სიტუაციის მომენტალური გამოსწორება მართებს. ბილდი კი ამავდროულად ფეხბურთელების, კონკრეტულად კი გუნდის საუკეთესო მოთამაშის, მარკო როისის მოტივაციის ნაკლებობაზე წერს: "როისს თითოეულ მოძრაობაზე ეტყობა, რომ ის რემბო კი არა, უფრო ბემბია. ჩანს - მისი გული გუნდს აღარ ეკუთვნის და მთელი ფიქრები მომავალ კლუბზე აქვს, რომელიც სავარაუდოდ ესპანური იქნება".

შეგახსენებთ, რომ დორტმუნდის ბორუსსიამ ბოლო წლებში, 2010-11, 2011-12 სეზონებში შეძლო ბუნდესლიგის მოგება. ამავე წელს, კლოპის შეგირდებმა მოიგეს თასიც, ხოლო 2013-2014 წლებში ზედიზედ მოიპოვეს გერმანიის სუპერთასი.

კომენტარები