ვერშბოუს ვიზიტი საქართველოში

პრემიერი: გვაქვს მტკიცე მხარდაჭერა NATO-სგან და მისი წევრი ქვეყნებისგან

ვერშბოუ და ღარიბაშვილი
facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრმა NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ვერშბოუს ვიზიტი წინგადადგმული ნაბიჯია უელსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებისკენ. მისი თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ელემენტების იმპლემენტაციის გეგმა განიხილეს და ისაუბრეს საფრთხეებზე ევროპაში, მსოფლიოსა და საქართველოში.

"დღეს გვქონდა ჩვენ ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან, ბატონ ვერშბოუსთან. მე მინდა მას მადლობა გადავუხადო იმისათვის, რომ გვეწვია თბილისში. ეს არის კიდევ ერთი ნათელი გამოხატულება და დადასტურება იმისა, რომ ჩვენ გვაქვს მტკიცე, მკაფიო მხარდაჭერა NATO-სგან და NATO-ს წევრი ქვეყნებისგან.

ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ და მსურს კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაცია, ეს არის ჩვენი, ქართველი ხალხის მტკიცე არჩვეანი და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ საბოლოო მიზანს მივაღწიოთ. მე მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ჩვენ უაღრესად ვაფასებთ ალიანსის მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და NATO-ს ქმედით ჩართულობას ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილის ვიზიტი საქართველოში არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი უელსის სამიტზე მიღებული უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შესრულებისკენ.

იცით, რომ ჩვენ ვართ მოწოდებული, მთელი მთავრობა და შესაბამისად სამინისტროები, რომ ის პაკეტი, რომელიც ჩვენ მივიღეთ NATO-ს სამიტზე, განხორციელდეს ეფექტურად და დროულად. ჩვენ ამისათვის ვაკეთებთ ყველაფეს, გვაქვს სრული მზაობა და მობილიზება, ვართ მჭირდო კავშირში და კოორდინაციაში NATO-ს ცენტრალურ ოფისთან ბრიუსელში და ზოგადად NATO-ს წევრ ქვეყნებთან.

მე მინდა მადლობა ვუთხრა ბატონ ვერშბოუს იმ წვლილისათვის, რომელიც პირადად მას აქვს შეტანილი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში და კონკრეტულად პაკეტის განხორციელებაში. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ NATO-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ელემენტების იმპლემენტაციის გეგმა, ასევე ვისაუბრეთ ჩვენს რეგიონში არსებულ სიტუაციაზე, შიდა და გარე სიტუაციაზე, იმ საფრთხეებზე, რომელიც არსებობს ევროპაში, მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში.

ასევე მიმოვიხილეთ სიტუაცია, რომელიც განვითარებულია ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ბოლოს მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვთანხმდებით - პაკეტის დროული და ეფექტიანი იმპლემენტაცია, განხორციელება დაგვაახლოებს ჩვენს საბოლოო მიზანთან, ალიანსში გაწევრიანებასთან", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები