მთავრობის სხდომა

ღარიბაშვილი: ეს წელი მაინცდამაინც დალხენილი არ იქნება

ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეს წელი მაინცდამაინც დალხენილი არ იქნება. ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

"ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ყოველი თვის ბოლოს, მაგრამ მე მინდა, რომ კიდევ ერთხელ ეს საკითხი დავაფიქსიროთ, ვიცი, რომ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით შექმნილია სამუშაო ჯგუფები, თვითონ გადიხართ ხარჯვით ნაწილს, ყველგან ეფექტურად უნდა დავხარჯოთ და დიდი მობილიზება უნდა მოვახდინოთ ჩვენი სამინისტროების. ეს წელი არ იქნება მაინცდამაინც დალხენილი წელი, გამომდინარე იქედან, რომ მსოფლიოში გარკვეული ნეგატიური პროცესები მიმდინარეობს. ამიტომ ჩვენ კიდევ უფრო გაათმაგებული მობილიზებით უნდა შევხვდეთ ამ გამოწვევებს", - თქვა ღარიბაშვილმა.

ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე უწყება არგუმენტების გარეშე ვერ მოახდენს თანხების ათვისებას, ან ეფექტურად გახარჯვას, პრემიერმინისტრი გამოდის ინიციატივით, ეს თანხები მიმართული იქნას სარეზერვო ფონდში და გამოიყენონ სხვა უწყებებისთვის და სხვა მიმართულებით მიზნობრივად.

ირაკლი ღარიბაშვილმა ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურისგან მოისმინა ინფორმაცია, თუ როგორ სრულდება მიმდინარე წლის ბიუჯეტი. მისი თქმით, იანვარში საგადასახადო შემოსულობების გეგმა 540 მილიონ ლარს შეადგენს და გუშინდელი საღამოს მდგომარეობით ბიუჯეტში მობილიზებულია 519 მილიონი ლარი.

"ანუ ორი დღის განმავლობაში გეგმის შესასრულებლად ჩვენ გვჭირდება 21 მილიონი ლარი. საშუალოდ დღეში 30 მილიონ ლარამდე გადასახადები შემოდის. თავისთავად ცხადია, რომ ეს აღემატება შარშანდელ მონაცემებსაც. წელს ძალიან დაძაბული წელი გვექნება და აქ საუბარია ზოგადად ეკონომიკურ მდგომარეობაზე მსოფლიოში და არა მარტო საქართველოში. შემოსავლების სამსახური ყველაფერს აკეთებს და ყოველგვარი ზედმეტი ხელის გადაგრეხვის პოლიტიკის გარეშე ბიუჯეტი სრულდება და შესრულდება", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

ხადურის თქმით, ის მზადაა, ყოველი თვის დასაწყისში მთავრობის პირველივე სხდომაზე სამინისტროების ხარჯვითი პოლიტიკის შესრულებაზე ანგარიში წარმოადგინოს.

კომენტარები