კრიზისი უკრაინაში

ფელტმანი: რუსეთმა ამბოხებულებს ცეცხლის შეწყვეტისკენ უნდა მოუწოდოს

AFP

უკრაინაში შექმნილი ვითარება გაეროს უშიშროების საბჭომ განიხილა. გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ განაცხადა, რომ ისინი, ვინც ქალაქი მარიუპოლი დაბომბა, აუცილებლად უნდა დაისაჯონ. გაეროში შეერთებული შტატების წარმომადგენელმა სამანტა პაუერმა რუსეთი სეპარატისტების ქმედებების მხარდაჭერაში და მინსკის შეთანხმების დარღევაში დაადანაშაულა. მისი თქმით, რუსეთს უკრაინის ტერიტორიის დაპყრობა სურს და მარიუპოლზე და დებლაცევოზე შეტევა მის ინტერესებში შედის. უკრაინის წარმომადგენელმა გაეროში კი აღნიშნა, რომ რუსი სამხედროების რაოდენობა ქვეყანაში 12 ათასამდე გაიზარდა. 

"მარიუპოლი კონფლიქტის ზონის გარეთ მდებარეობს. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მან, ვინც ქალაქს რაკეტები ესროლა, სამოქალაქო მოსახლეობა სამიზნედ განგებ აირჩია, რაც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაა. ჩვენ უნდა გავგზავნოთ მკაფიო სიგნალი, რომ ყველა დამნაშავე უნდა გასამართლდეს და დაისაჯოს. მოვუწოდებთ ამბოხებულებს, ახლავე შეწყვიტონ პროვოკაციული და ძალადობრივი ქმედებები და ყველა ვალდებულება შეასრულონ. მოვუწოდებთ რუსეთს ფედერაციას, გამოიყენოს საკუთარი გავლენა, რათა ამბოხებულებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდოს", - განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ჯეფრი ფელტმანმა.

"ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ მოწოდებებს მხარეების მიმართ, რათა პირდაპირ დიალოგი დაიწყონ. ამასთან დაკავშირებით გვსურს მივმართოთ იმ სახელმწიფოებს, რომლებსაც უკრაინის ხელისუფლებაზე გავლენა აქვთ, განსაკუთრებით ვაშინგტონს. უკრაინელი ქორების წახალისება მათ კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტისკენ უბიძგებს. ამას კიდევ უფრო საშინელი კატასტროფა მოჰყვება" - თქვა რუსეთის წარმომადგენელმა გაერო-ში ვიტალი ჩურკინმა.

პრორუსი სეპარატისტების მხრიდან ძალადობის ესკალაცია მკაცრად დაგმო ნატო-ს გენერალურმა მდივანმა უკრაინა-ნატო-ს კომისიის სხდომის შემდეგ. იენს სტოლტენბერგის თქმით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსეთმა უკრაინაში ასეულობით ერთეული მძიმე შეიარაღება შეიყვანა. მან ასევე უარყო პუტინის განცხადება იმის შესახებ, რომ უკრანის მხარეს ე.წ. ნატოს ლეგიონი იბრძვის.

"იმის მტკიცება, თითქოს უკრაინაში ნატო-ს ძალები იმყოფება, ნონსენსია. იქ არ არის ნატო-ს ლეგიონი და ერთადერთი უცხო ძალა რუსულია. რუსეთი სეპარატისტებს შეიარაღებით ეხმარება, ჩვენ ვხედავთ შეიარაღების ნაკადის ზრდას რუსეთიდან. ეს მძიმე ტექნიკა და სხვადასხვა ტიპის აღჭურვილობაა", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

რუსეთის პრეზიდენტმა კი, გერმანის კანცლერთან და საფრანგეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარში პასუხისმგებლობა უკრაინაში სიტუაციის გამწვავებაზე კიდევ ერთხელ უკრაინის ხელსუფლებას დააკისრა. კრემლის პრესსამსახურის ცნობით, პუტინმა საკუთარ სამშვიდობო გეგმაზე ისაუბრა და სეპარატისტებსა და ხელისუფლებას შორის დიალოგს დაუჭირა მხარი.

რუსეთმა უკრაინის აღმოსავლეთში მორიგი, უკვე მე-11 ე. წ. ჰუმანიტარული კოლონა გაგზავნა. კოლონას ვერც უკრაინის ხელსუფლება და ვერც ეუთო ამოწმებს, კიევში ეჭვებს გამოთქვამენ, რომ რუსული კოლონების მეშვეობით სეპარატისტებისთვის შეიარაღების და საბრძოლო მასალების მიწოდება ხდება.

კომენტარები