Charlie Hebdo

კიდევ ერთი „მაგრამ“

პირველი ტიპის “მაგრამ”-ზე ბევრი ითქვა და დაიწერა. “არ შეიძლება ტერორიზმს გამართლება ჰქონდეს, მაგრამ…” - ის მოყინული გზაა, რომელზე შედგომასაც აუცილებლად მივყავართ ფეხის აცურებამდე და, საბოლოოდ, ტერორიზმის გამართლებამდე. უკვე თქმულს რამდენიმე აზრს დავამატებ:

  1. სატირა, ეპატაჟი, გამოხატვის “საზოგადოებრივი მორალისთვის” მიუღებელი ფორმა თუ შინაარსი ჩვენი მოთმინების ტესტია - ტესტია იმისა, დაადგები თუ არა ზემოაღნიშნულ მოყინულ გზას. არაა სავალდებულო, “შარლი ებდოს” გამოხატვის ფორმა და შინაარსი მოგწონდეს. მთავარი კითხვაა: უშვებ თუ არა გამოხატვის შენთვის მიუღებელი ფორმა-შინაარსის არსებობას შენ გვერდით.
  2. “ასავალ-დასავალს” არაერთხელ ვულანძღივარ პირადად, მათ შორის, იმ მომენტში, როდესაც ხელისუფლებას ჩემთვის სასამართლო განაჩენის გამოტანის მომენტში ჩემზე ნეგატიური საზოგადოებრივი აზრის შექმნა სჭირდებოდა. ამის მიუხედავად, “ასავალ-დასავალის” არსებობას ვიტან. არ მომწონს, მაგრამ ვიტან. და დავგმობ მის რედაქციაზე განხორციელებულ ძალადობას, თუ, ღმერთმა დაიფაროს, ეს მოხდა. ყოველგვარი “მაგრამ”-ის გარეშე.
  3. ამასთან, “შარლი ებდოს” საფრანგეთის მოსახლეობის 0.075% ყიდულობს, “ასავალ-დასავალს” - საქართველოს მოსახლეობის 1.5%. ანუ ვიღაცისთვის შეურაცხმყოფელი გაზეთის ტირაჟი საქართველოში 20-ჯერ მეტია, ვიდრე ვიღაცისთვის შეურაცხმყოფელი გაზეთის ტირაჟი საფრანგეთში. იმავდროულად, გამოხატვის თავისუფლების დასაცავად საფრანგეთის დედაქალაქში 1,5 მლნ ადამიანი გამოვიდა ქუჩაში.

ახლა კი კიდევ ერთი “მაგრამ”-ის შესახებ.

დაიცვა ის, რაც “საზოგადოებრივი მორალისათვის” მიუღებელია, არცთუ ისე ადვილია. ადვილია, აღშფოთება გამოხატო, თუ მეუღლის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი 3 შვილის დედა აღმოჩნდება (თუმცა, “საზოგადოებრივი მორალის” მიხედვით შვილებს რომ თავი არ მოჭრას, როგორც წესი, ქალბატონები ძალადობას ჩუმად იტანენ). ძნელია, ზუსტად იმავე ტიპის ძალადობა დაგმო, როდესაც ქალბატონს “ზურგს არ უმაგრებს” ქორწინებაში ყოფნის, დედობის, ქმრის ერთგულების და ა.შ. ფაქტები.

გარკვეულ პიროვნულ რისკს შეიცავს უმცირესობების დაცვაც. “თუ იეღოველს ბასილი მკალავიშვილის მიერ ქუჩაში თავის გადახოტვრისგან იცავ, შენც იეღოველი ხარ. აბა, სხვა რა გრჯის, მას რომ ესარჩლები?” - გვკარნახობს “საზოგადოებრივი მორალის” ცენზურა და გვეუბნება: თავში ქვა უხლია ერთსაც და მეორესაც, ეს შენ არ გეხება!

ამიტომ ადამიანთა ნაწილს არ უნდა თავის ატკიება და “საზოგადოებრივ მორალთან” წინააღმდეგობაში მოსვლა. ეს კი მოყინულ გზაზე შედგომის არანაკლები საფრთხის შემცველია: დღეს არა, ხვალ, როდესაც პასიური მოქალაქეების დუმილის ფონზე “საზოგადოებრივი მორალის” გუშაგი ციციკორეები საზოგადოებას მოქცევის წესებს ცხოვრების ყველა სფეროში უკარნახებენ.

ფბ-ზე გაცხოველებულ დისკუსიაში მინიმუმ 2 ტიპის “ფარულ მაგრამ”-ს წავაწყდი:

1. პირველი ასე ჟღერს: “მე აჰმედი ვარ!”

რა თქმა უნდა, მე, ზურაბ ჭიაბერაშვილი, აჰმედიც ვარ, პირველ რიგში, როგორც ფრანგი პოლიციელი, რომელიც საფრანგეთის კონსტიტუციისა და ადამიანის უნივერსალური უფლების - გამოხატვის თავისუფლების სადარაჯოზე დგას. 

რა თქმა უნდა, მე, ზურაბ ჭიაბერაშვილი, აჰმედიც ვარ, რადგან ზოგადად მუსლიმების სტიგმატიზება და ტერორისტებად გამოცხადება ისეთივე მოყინული გზაა, რაც ზემოთ აღვწერე.

მაგრამ (!)

ფრაზას “მე აჰმედი ვარ!” წინ აუცილებლად უნდა უსწრებდეს ფრაზა “მე შარლი ვარ!”

სხვაგვარად რჩება შთაბეჭდილება, რომ “მე ვარ შარლი!”-ს თქმა გვიტყდება (რადგან “შარლი ებდო” საზოგადოებაში არცთუ მისაღებ რამეებს ამბობს), “მე ვარ აჰმედი!”-ს თქმა კი - არა (პოლიციელი და, შესაბამისად, კარგი ტიპია).

ვაზუსტებ: ჩემი შენიშვნა არამც და არამც არ ეხება ყველას, ვინც ამ დღეებში “მე აჰმედი ვარ!” დაწერა და, მით უმეტეს, იმათ, ვინც მილიონობით უდანაშაულო და მშვიდობიანი მუსლიმის სტიგმატიზება გააპროტესტა.

2. მეორე “ფარული მაგრამ” ასე ჟღერს: პარიზის ტერაქტი რუსეთის მოწყობილია.

რა თქმა უნდა, რუსეთი დღესაც ბოროტების იმპერიაა. რა თქმა უნდა, რუსეთის ხელი ერია ჯერ კიდევ საბჭოთა დროს დიდ ბრიტანეთში IRA-ს, ესპანეთში ETA-ს და ა.შ. მიერ მოწყობილ ტერაქტებში. რა თქმა უნდა, რუსეთი ცდილობს, პარიზის მოვლენების მეშვეობით პოლიტიკური კონიუნქტურა შეცვალოს (მე მიმაჩნია, რომ არ გამოუვა, მაგრამ ეს სხვა საუბრის თემაა).

მაგრამ (!)

ჯერ არცერთ სანდო წყაროს მინიშნებაც კი არ გაუკეთებია, რომ ძმებ კუაშებთან რუსეთს რაიმე სახის პირდაპირი კავშირი ჰქონდა.

ამიტომ თუ გვინდა, რომ მსოფლიოს პარიზის ტერაქტში რუსეთის მონაწილეობის შესახებ ვაუწყოთ, არგუმენტი ორნაირად შეგვიძლია ავაგოთ:

  • პარიზში ტერორისტები, ადამიანთა სიცოცხლესთან ერთად, გამოხატვის თავისუფლებას შეეხნენ. გამოხატვის თავისუფლება არა მხოლოდ ევროპული, არამედ უნივერსალური ღირებულებაა და სხვა უნივერსალურ ღირებულებათა რიგში (შეკრების, სიტყვის, აღმსარებლობის, პოლიტიკური შეხედულებების ქონის) შედის. რუსეთი “სუვერენულ დემოკრატიაზე” საუბრით ეჭვქვეშ აყენებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა უნივერსალურობას და სწორედ ამით ქმნის ნოყიერ ნიადაგს ტერორისტებისათვის (გარდა იმისა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში თავადაც პირდაპირ აწყობს ტერაქტებს, მათ შორის, მოსკოვში საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ).
  • პარიზის ტერაქტი მაგალითია იმისა, რომ თავისუფლება საფრთხეშია ყველგან, მათ შორის, ისეთ ადგილას - პარიზში, სადაც ის გარანტირებული გვგონია. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რამდენად საფრთხეშია თავისუფლება იქ, სადაც არათუ გარანტირებული გვგონია, არამედ პირდაპირ ვხედავთ, რომ საფრთხის ქვეშაა. ასეთი ადგილებია უკრაინა, საქართველო, მოლდოვა, სადაც რუსეთი ებრძვის თავისუფლებას - ერების და ადამიანის თავისუფლებას.

მხოლოდ რუსეთზე უაპელაციო ლაპარაკი იმის გარეშე, რომ პირველ რიგში ვთქვათ “მე ვარ შარლი!”, “საძაგელი კარიკატურისტებისა” და სიტყვის თავისუფლების დაცვისაგან თავის არიდებად გამოიყურება.

აქაც ვაზუსტებ: ჩემი შენიშვნა არ ეხება ყველას, ვინც პარიზის მოვლენების კონტექსტში რუსეთს ახსენებდა (მეც ვახსენე ზემოაღნიშნული არგუმენტებით).

P.S. წერილში “მაგრამ” ორჯერ გამოვიყენე ძახილის ნიშნით. ასე რომ, ნუ ამოვიღებთ ამ სიტყვას გრამატიკიდან. იგი ჩვენი აზროვნების წესიდან ამოვიღოთ, როგორც შეუწყნარებლობის სიმბოლო და იარაღი.

კომენტარები