საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

გენერალური ინსპექცია გიორგი ადეიშვილის ცემის შესახებ ინფორმაციას სწავლობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სამტრედიელი ახალგაზრდის გიორგი ადეიშვილის ცემის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შესწავლა დაიწყო. შსს-ს ცნობითვე, მას შემდეგ, რაც პოლიციამ დაკარგულ ახალგაზრდაზე ძებნა გამოაცხადა, გიორგი ადეიშვილი სახლში თავად დაბრუნდა. 

19 წლის გიორგი ადეიშვილის დედის, თეა თელიას განცხადებით კი, გაუჩინარებამდე რამდენიმე საათით ადრე მის შვილს ოთხმა პოლიციელმა სასტიკად სცემა. 

"ჩემი შვილი სახლში ბრუნდებოდა, როცა მას პოლიციელები დაესხნენ თავს და სასტიკად სცემეს. თუმცა მან გაქცევა მოახერხა და სამტრედიის ერთ-ერთ სოფელში დაიმალა. იქიდან მეალილოვეების მობილურით დაგვირეკა და სახლში წამოვიყვანეთ. ახლა მას 
მეტყველება უჭირს, ისეა ნაცემი", - განაცხადა თეა თელიამ, რომელიც გუშინ ვარაუდობდა, რომ 
მისი შვილი სამართალდამცველებს ჰყავდათ დაკავებული. ის ასევე ამბობდა, რომ შვილის პოვნაში დახმარება პოლიციას სთხოვა, შსს-ში კი, აღნიშნულს უარყოფენ და აცხადებენ, რომ სამართალდამცველებისთვის მსგავსი თხოვნით არავის მიუმართავს.

ცნობისთვის, სამტრედიაში 19 წლის ახალგაზრდას ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ. დაკარგულის ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ გიორგი ადეიშვილი სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც მას სამართალდამცველები დახვდნენ და პოლიციაში შემოწმებაზე წაყვანა მოსთხოვეს. ახალგაზრდა მათ არ დაემორჩილა და სავარაუდოდ გაიქცა. შსს-ს განცხადებით კი, 19 წლის ახალგაზრდა მათ არ დაუკავებიათ. 

"პოლიციას ეს პირი არ დაუკავებია. სამართალდამცველებმა ნარკოლოგიურ შემოწმებაზე მხოლოდ მისი მეგობარი გადაიყვანეს", - განმარტავს სამინისტრო.

კომენტარები