საქართველოს ეკონომიკა

ნოემბერში ეკონომიკა 0,5%-ით შემცირდა

თამარა ქურდაძე / ტაბულა

საქსტატის მონაცემებით, 2014 წლის ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 0,5%-ით შემცირდა. 

უარყოფითი ეკონომიკური ზრდა ნოემბრის თვეში ლარის გაუფასურებამ და ექსპორტის შემცირებამ გამოიწვია. ნეომბერში ექსპორტი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, $100 მილიონით ნაკლები იყო. წლის პირველი თერთმეტი თვის მანძილზე ეკონომიკური ზრდა მთავრობის მიერ დაგეგმილ 5%-ს შეადგენს. 

წლის მეოთხე კავარტალში მაქსიმალური 3,5%-იანი ზრდა ოქტომბერში დაფიქსირდა, ხოლო წლის ბოლო თვეში, დეკემბერში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, სავარაუდოდ, უარყოფითი არ იქნება, რადგანაც ამ პერიოდში მოსახლეობა ხარჯვას ზრდის, რაც ეკონომიკურ აქტივობაზე დადებითად აისახება. 

წელს ეკონომიკური ზრდის ტემპი მაქსიმალური წლის დასაწყისში იყო, როდესაც მისმა მაჩვენებელმა 7,2% მიაღიწა. 2014 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 5,2%-ით გაიზარდა. მესამე კვარტალში კი მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.6% შეადგინა. 

ეკონომიკის სექტორებიდან ყველაზე მაღალი ზრდა წელს სამშენებლო სფეროში (17%), საფინანსო სექტორსა (12%)და სამთომოპოვებით სექტორებში (10%) დაფიქსირდა. მთავრობის მიერ პრიორიტეტად გამოცხადებულ სოფლის მეურნეობის სექტორში ზრდამ მხოლოდ 1,4% შეადგინა. 

2013 წელს კი ეკონომიკის ზრდამ 3% შეადგინა, თუმცა, სამთავრობო გეგმით გასული წლის ეკონომიკური ზრდა 6%-ით იყო განსაზღვრული. 

კომენტარები