საქართველოს ეკონომიკა

ჯაფარიძე: ამ მთავრობამ ორჯერ გაარღვია ბიუჯეტი და გააუფასურა ლარი

ტაბულა

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ბიუჯეტის ორჯერ ზედიზედ გარღვევის და ლარის გაუფასურების გამო, საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. ჯაფარიძემ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობას მიმართა და აღნიშნა, რომ მათ ამის გაკეთება შეუძლიათ. დეპუტატის თქმით, მთავრობის პასუხისმგებლობის შესახებ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას რეზოლუციის პროექტშიც უწერია.

"პირველ რიგში აუცილებელია, მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. ეს არის მთავრობა, რომელმაც ორი წელია ზედიზედ გაარღვია სახელმწიფო ბიუჯეტი და ორჯერ ზედიზედ გააუფასურა ლარი, რაც ძალიან მძიმედ დააწვა მოსახლეობას. თქვენ ცხადია, შეგიძლიათ ამის გაკეთება, რადგან ხართ საპარლამენტო უმრავლესობა, მაგრამ ცხადია, არავის სჯერა, რომ თქვენ გაბედავთ ივანიშვილის წინააღმდეგ წასვლას და ამ ნაბიჯის გადადგმას. ამიტომ, ძალიან მალე დადგება თქვენი, საპარლამენტო უმრავლესობას ვგულისხმობ, პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხიც", - მიმართა ჯაფარიძემ ქართული ოცნების დეპუტატებს და პრემიერმინისტრის გუშინდელი პრესკონფერენციის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა ლარის გაუფასურების შესახებ ოპონენტების მიმართ აბსურდული ბრალდებები გააჟღერა. ზურაბ ჯაფარიძემ ქართული ოცნების ორი წელი შეაჯამა.

"შარშან ეკონომიკური ზრდა იყო 3.2%, წელს ოქტომბერში ეკონომიკურ ზრდა დაეცა 3.5%-მდე. პრემიერმინისტრმა საქართველოს ეკონომიკური ზრდა შეადარა აშშ-ს ეკონომიკას, ევროპის და უკრაინის ეკონომიკას. თურმე ევროპის და ამერიკის ეკონომიკაც არ იზრდებაო. მინდა შევახსენო, რომ აშშ-ის ეკონომიკის ზომა არის 18 ტრილიონი დოლარი და ოდნავაც რომ გაიზარდოს, მომავალ წელსაც იქნება ისევ 18 ტრილიონი დოლარი. ამასთან შედარება არის უბრალოდ ნონსენსი და პრემიერს უნდა ესმოდეს, რომ ეს უბრალოდ სასაცილოა. უკრაინასთან შედარება, კიდევ უფრო სასაცილოა, რადგან უკრაინაში არის ომი. თუ მაინცდამაინც შედარება უნდა, მაგალითად, შეუძლია, შეადაროს უზბეკეთს, რომელიც წელს გაიზრდება 7%-ით ანუ ჩვენზე უკეთესად, ან ტაჯიკეთს, რომლის ეკონომიკაც გაიზრდება 6%-ით, ანუ ჩვენზე უფრო სწრაფად. და ზოგადად, უფრო ადეკვატურია შედარებები ასეთ ანუ განვითარებად ქვეყნებთან და არა განვითარებულ ქვეყნებთან", - განაცხადა ჯაფარიძემ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივანი აღნიშნავს, რომ ბოლო ორ წელიწადში, ლარის კურსი დოლართან მიმართებით გაუფასურდა 25 თეთრით, ანუ დაახლოებით 15%-ით. მისივე თქმით, ფასები მუდმივად იზრდება მედიკამენტებსა და სურსათზე.

"ანუ იმ პროდუქტზე, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს ყველაზე გაჭირვებულ მოსახლეობას. კურსის გაუფასურების გათვალისწინებით სახელმწიფო ვალი  ორ წელიწდში გაიზარდა მილიარდ შვიდასი მილიონი ლარით. 2014 წლის ათ თვეში ქვეყნის სავაჭრო ბალანსი გაუარესდა ექვსასი მილიონი დოლარით. ეს ის ბალანსია, რომელზეც თქვენ მუდმივად წუხდით ოპოზიციში ყოფნის დროს. აგვისტო-ოქტომბერში კი, ექსპორტი შემცირდა 8%-ით მიუხედავად იმისა, რომ უამრავ ფულს ყრით ე.წ. ექსპორტის წახალისების პროგრამებში. 2013 წელს უცხოური დაფინანსება ინვესტიციების და კრედიტების სახით, შემცირდა მილიარდი დოლარით. 2014 წლის პირველ ნახევარში  წინა წელთან შედარებით შემცირებულია 135 მილიონი დოლარით. გუშინ რაღაც ციფრები გამოაქვეყნეს, რომელიც საიდან მოვიდა, დღემდე ვერავინ ვერ გაარკვია. 2012 წლის ნოემბრიდან 2014 წლის ნოემბრამდე ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები შემცირებულია 242 მლნ დოლარით. 2012 წლიდან 2014 წლამდე მთავრობის დეპოზიტები შემცორებულია 544 მლნ ლარით, 2013-2014 წლის ბიუჯეტების გარღვევა ჯამში არის მილიარდ 500 მილიონი ლარი და საარსებო მინიმუმი ოქტომბერში უკვე არის დაახლოებით 161 ლარი ანუ უკვე აღემატება იმ პენსიის ოდენობას, რომლის გაცემასაც თქვენ აპირებთ მომავალი წლის სექტემბრიდან. მომავალ წელს პენსიონერი რომ აიღებს 160 ლარს, ის უკვე დღეს ვეღარ იყიდის ამ ფულით მინიმუმ საარსებო მინიმუმს, რაც მას სჭირდება", - განაცხადა ჯაფარიძემ და აღნიშნა, რომ "ეს არის ორწლიანი გაუაზრებელი პოლიტიკის ძალიან კონკრეტული შედეგები".

უმცირესობის დეპუტატის თქმით, "ეს არის იმის შედეგი, რომ ივანიშვილის მიერ ხალხის თავზე დასმული პრემიერი მხოლოდ კითხვის ნიშნის რეჟიმში ახერხებს ეკონომიკაზე საუბარს და წარმოუდგენა არ აქვს, რა დგას რეალურად ამ ტექსტების და ციფრების უკან".

ზურაბ ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტში შეიტანა კონკრეტული რეზოლუციის პროექტი, "რომელშიც გათვალისწინებულია ძალიან კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც უნდა გადადგას ხელისუფლებამ, რომ ქვეყანა გამოვიდეს მძიმე მდგომარეობიდან, ეკონომიკა კვლავ ამუშავდეს და წავიდეს წინ". მისი თქმით, ენმ-ს მთავარი აქცენტი გაკეთებული აქვს ეკონომიკის შემდგომ ლიბერალიზაციაზე.

"აქციზის გადასახადის არგაზრდაზე და ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადის გაუქმებაზე. მაგრამ, რაც პირველ რიგში აუცილებელია და რაც რეზოლუციაში გვიწერია, უნდა დადგეს მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი. ეს არის მთავრობა, რომელმაც ორი წელია, ზედიზედ გაარღვია სახელმწიფო ბიუჯეტი და ორჯერ ზედიზედ გააუფასურა ვალი, რაც ძალიან მძიმედ დააწვა საქართველოს მოსახლეობას", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

კომენტარები