მიხეილ სააკაშვილის საქმე

კახიძე: სააკაშვილის წინააღმდეგ მთავარი მოწმეები მელნიკოვი და ოქრუაშვილი არიან

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატ ოთარ კახიძის განცხადებით, ობიექტური სასამართლოს პირობებში გირგვლიანის საქმეზე სააკაშვილის წინააღმდეგ მსჯავრის გამოტანა შეუძლებელია. ამის შესახებ კახიძემ მთავარი პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც მას საქმის მასალები გადასცეს.

ადვოკატის ინფორმაციით, საქმეში ორი მთავარი მოწმეა - ოლეგ მელნიკოვი და ირაკლი ოქრუაშვილი.

„ოლეგ მელნიკოვი არ აძლევს პირდაპირ ჩვენებას მიხეილ სააკაშვილზე. იგი ამბობს, რომ დათა ახალაიამ მას უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილისგან ხსენებული პირების შეწყალების პირობა მიიღო. ირაკლი ოქრუაშვილი კი საუბრობს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს ჰქონდა მიცემული შეწყალების პირობა. არცერთი მოწმე არ მიუთითებს პრეზიდენტს სააკაშვილის რამე კავშირზე დანაშაულთან. პრეზიდენტი სარგებლობდა კონსტიტუციური უფლებამოსილებით და მას შეეძლო საკუთარი შეხედულებისამებრ, ნებისმიერი გარემოების მხედველობაში მიღებით განეხორციელებინა შეწყალება. ეს შეწყალება შეიძლება იყოს განხილული მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში და შეუძლებელია მას სამართლებრივი შეფასება მიეცეს" - აცხადებს ოთარ კახიძე.

მისივე თქმით, ჩვენებები პროკურატურას მიმდინარე წლის ივლისის თვეში აქვს მიღებული და ბრალის ახლა წაყენება აღძრავს ბუნებრივ ეჭვს, რომ ხელისუფლება მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის გადაფარვას ცდილობს.

„ოთხ თვეზე მეტია გასული ამ ჩვენებების მიღებიდან და რატომღაც პროკურატურა ელოდებოდა დღევანდელ დღეს, რომ ბრალი წაეყენებინათ მიხეილ სააკაშვილისთვის. ეს აღძრავს ბუნებრივ ეჭვს, რომ ხელისუფლება, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დავალებით, ამ ბრალდებით ცდილობს მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის გადაფარვას. სხვა ლოგიკა, თუ რატომ მოხდა დღეს ბრალის დადგენილების გამოტანა ივლისში მიღებულ ჩვენებებზე დაყრდნობით, არ არსებობს " - აცხადებს კახიძე.

მთავარმა პროკურატურამ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს დღეს სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდება წაუყენა.

კომენტარები