ვლადიმირ პუტინი

პუტინი: ჩვენ არავის ვემუქრებით და არ ვაპირებთ კონფლიქტებში ჩართვას

"რუსეთი რაიმე კონფლიქტებში და გეოპოლიტიკურ თამაშებში ჩარევას არ აპირებს, თუმცა საკუთარ სუვერენიტეტს დაიცავს". ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა თათბირზე, რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალების განვითარებას მიეძღვნა. პუტინის თქმით, აუცილებელია კომპლექსური მიდგომა და ხელისუფლების ყველა ორგანოს ძალისხმევის გაერთიანება ქვეყნის თავდაცვის უზრუნველყოფისთვის.

"ადრეც მითქვამს და დღესაც მინდა გავიმეორო, ჩვენ არავის ვემუქრებით და არ ვაპირებთ ჩავერთოთ რაიმე გეოპოლიტიკურ თამაშებში, ინტრიგებში და მით უმეტეს კონფლიქტებში. ჩვენი იქ ჩათრევა ვისაც არ უნდა უნდოდეს. ამავე დროს, აუცილებელია საიმედოდ დავიცვათ რუსეთს სუვერენიტეტი  და მთლიანობა, ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოება", - განაცხადა პუტინმა.

ამასთან, ევროპაში NATO-ს ძალების სარდალმა კიევში ყოფნისას შეშფოთება გამოთქვა ყირიმში რუსული სამხედრო დაჯგუფების გაძლიერების გამო, რაც მისი აზრით მთელ შავი ზღვის რეგიონს ემუქრება. ფილიპ ბრიდლავის თქმით, ასეევე საშიშია უკონტროლო საზღვარი რუსეთსა და უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებს შორის. ყირიმში სამხედრო დაჯგუფების გაძლიერების შესახებ გადაწყვეტილება პუტინმა სამხედროებთან თათბირზე რამდენიმე დღის წინ მიღო.

"ძალიან გვაშფოთებს მილიტარიზაცია ყირიმში. პირველ რიგში იმის გამო, რომ ეს არის უკრაინის ტერიტორიის ნაწილის უკანონო ანექსიის გაგრძელება. ამ ძალებს ამ ტერიტორიის შენარჩუნება და ექსტრემალურ შემთხვევაში იქედან შეტევის განხორციელება შეუძლიათ. გარდა ამისა, ყირიმში განლაგებული სამხედრო საშუალებები გავლენას მთელი შავი ზღვის რეგიონზე მოახდენს", - განაცხადა ბრიდლავმა.

კომენტარები