აფხაზეთის ანექსია

ბარამიძე: ფაქტობრივი მმართველი ივანიშვილი ნაბიჯ-ნაბიჯ აბარებს ქვეყანას რუსეთს

pirveliradio.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი ბარამიძის შეფასებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადება აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებაზე არის "მოღალატური პოლიტიკის შედეგი". მისი თქმით, ზაქარეიშვილს აბარია, რომ "საქართველო როგორმე სწრაფად მივართვათ ლანგარზე პუტინს". როგორც ბარამიძემ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, "დღეს კიდევ უფრო ნათელი გახდა, რომ ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი ივანიშვილი ნაბიჯ-ნაბიჯ, მეთოდურად აბარებს საქართველოს რუსეთს, ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანა დაუძლურდეს, დაკარგოს ყველა უნარი, რომელიც სჭირდება ნებისმიერ სახელმწიფოს, რომ თავი გაიტანოს და არსებობა შეძლოს".

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის თქმით, "არ გაქვს ილუზია, რომ შეგვიძლია სამხედრო დაპირისპირებით რუსეთს შევეჯიბროთ - ეს არც ყოფილა და არც უნდა იყოს მიზანი, მაგრამ საქართველოს უნდა ჰქონდეს ღირსეული წინააღმდეგობის გაწევის უნარი. ქვეყანას არათუ ამის უნარი აღარ დარჩა, არამედ სურვილიც არ აქვს მთავრობას, ყველაფერს თავდაყირა აყენებს და ქვეყნის ანექსიას დადებით პროცესად ნათლავს. თურმე, ქვეყანაში კარგად რომ მიდის საქმე, იმიტომ აკეთებს ამას რუსეთი და არა იმიტომ, რომ რუსეთის ამოცანა საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან არის ის, რომ ქართული სახელმწიფოებრიობა არ შედგეს და ბოლო მოეღოს, როგორმე აიხდინოს პუტინმა ოცნება, რომ აღდგეს სსრკ, საქართველო დაუბრუნდეს რუსეთის ექსკლუზიური გავლენის ორბიტას და გახდეს რუსეთის უმცროსი ძმა. ხელისუფლებამ დაანგრია ქვეყნის ეკონომიკა, ჩამოაშორა ინვესტორები, გაზარდა ფასები, გაზარდა უმუშევრობა და ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტი ფეხქვეშ გათელა. ჩამოაშორა ქვეყანას მისი მეგობრები, ეს არის მოღალატური პოლიტიკა და საქართველო ამას პასუხს გასცემს", - განაცხადა ბარამიძემ.

ცნობისთვის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა გადაცემა არჩევანში თქვა, რომ რუსეთთან საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა ცალსახად წარმატებულია. მისი განცხადებით, "სოჭში გაფორმებული ხელშეკრულება ჩვენი წარმატების ნიშანია", რადგან "რუსეთს სხვა გზა არ ჰქონდა. ხედავს, რომ საქართველო ცალსახად, მკაფიოდ მიდის ევროპისკენ". მინისტრის თქმითვე, "კახეთის ღვინო არ უნდა ვაქციოთ აფხაზეთის მძევლად".

კომენტარები