კულტურა

წიგნის დღეები უფროსებისა და ბავშვებისთვის

ხვალიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, „ექსპო ჯორჯიას“ პავილიონები „თბილისის წიგნის დღეებს“ უმასპინძლებს. პროექტი პირველად ხორციელდება და წიგნის ბაზრობის პარალელურად გვთავაზობს დისკუსიებს, გამოფენებს, ვორქშოფებს, ლექციებსა და საბავშვო-საგანმანათლებლო ღონისძიებებს. 

ფესტივალის ორგანიატორები არიან: წიგნის ხელოვნების ცენტრი, გოეთეს ინსტიტუტი, „ექსპო ჯორჯია“, ხოლო მხარდამჭერები - გერმანიის საგარეო საქმეთა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროები, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი, ირანის საელჩო საქართველოში.

წიგნის ხელოვნების ცენტრის მასშტაბური ინიციატივა მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საქართველოში წიგნის დიზაინისა და ილუსტრაციის განვითარებას, აღნიშნული მიმართულებით დაინტერესებული ახალგაზრდა დიზაინერების პროფესიული დონის ამაღლებას და შემოქმედებითი ურთიერთობების დამყარებას უცხოელ გამომცემლებთან, ქართველი გამომცემლების წახალისებას იმისთვის, რომ უფრო მეტი ყურადღება მიაქციონ პოლიგრაფიულ ხარისხს გამოცემებისა, რომლებსაც თანამედროვე მკითხველს სთავაზობენ, წიგნის ხელოვნებისადმი ინტერესის გაძლიერებას, საერთაშორისო თანამშრომლობის გააქტიურებას და ა.შ.

„თბილისის წიგნის დღეების“ პროგრამა მრავალფეროვანია და მიიზიდავს ყველას, ვისაც სურს შეიძინოს წიგნი, გაიზიაროს მსოფლიო გამოცდილება, მოისმინოს საგანგებოდ მოწვეულ სტუმრებთან გამართული დისკუსიები, მიიღოს მეტი ინფორმაცია წიგნის, მისი პოპულარიზაციის, დიზაინისა და ილუსტრირების შესახებ, გაიცნოს ქართველი თუ უცხოელი ხელოვანები, რომლებიც სწორედ გამოცემათა პოლიგრაფიული დონის ამაღლებაზე მუშაობენ.

წიგნის ხელოვნების ცენტრის დამფუძნებელი ოთარ ყარალაშვილი აღნიშნავს: „გრანტი, რომელიც გერმანიის სახელმწიფომ მოლდოვის, უკრაინის, ბელორუსისა და საქართველოსთვის გამოყო, გვაფიქრებინებს, რომ გერმანიის ყურადღება ჩამოთვლილი ქვეყნების ევროინტეგრაციულ პროცესთან და მის წახალისებასთან არის დაკავშირებული. კონკრეტულად საქართველოსთვის ასეთი მასშტაბის პროექტი და საერთაშორისო გამოფენების ორგანიზება კარგი გამოცდილებაა 2018 წლისთვის, როცა საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მასპინძელი ქვეყანა უნდა გახდეს. ამავე თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია ლექციები და დისკუსიები სტუმრებთან, რომლებიც ფესტივალზე გვეწვევიან“.


ფოტო: ტაბულა

კონკრეტულად ვინ ეწვევა ფესტივალს? უპირველესად ფრანკფურტის წიგნის ფესტივალის წარმომადგენლები - ტობიას ვოსი (აღმასრულებელი გუნდის წევრი და საერთაშორისო ბაზრობების პრეზიდენტი) და ბირგიტ ფრიკე (საბავშვო და ახალგაზრდული დეპარტამენტის მიმართულებით, საერთაშორისო გაყიდვების უფროსი მენეჯერი). მათ გარდა, „თბილისის წიგნის დღეების“ ფორმატში ორგანიზებულ დისკუსიებში ჩაერთვებიან: ოლია ჟუკი (კიევის წიგნის საერთაშორისო ფესტივალ „არსენალეს“ მენეჯერი და Mystetskyi Arsenal-ის გამომცემლობის დეპარტამენტის უფროსი), ირის შვანი (ჰელსინკის უნივერსიტეტის დოქტორი, FILI-Finnish Literature-ს დირექტორი, 2011 წლიდან ხელმძღვანელობს ქვეყანათა შორის თანამშრომლობაზე ორიენტირებულ ლიტერატურულ პროგრამას პარიზში „წიგნის სალონი“), ოლივერ ბოლანცი (Christph Merian-ის გამომცემლობის მმართველი დირექტორი, Swiss Booksellers-ისა და Publishers Association-ის საბჭოს წევრი), ჰერვიგ ბიცშე (ცნობილი ავსტიული საგამომცემლო სახლის Residenz Verlag-ის დამფუძნებელი, საბავშვო ლიტერატურის გამომცემლობა NordSud Verlad-ის ხელმძღვანელი), იონკო იოკოტა (საბავშვო წიგნების საშუალებით სწავლების ცენტრის დირექტორი, რომელიც თბილისში მოდერატორის ფუნქციას იტვირთავს).

„ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა საქართველოში საგამომცემლო სექტორის განვითარებისთვის სპეციალური პროფესიული სემინარების, კონფერენციებისა და ფორუმების ორგანიზება. მოხარულნი ვართ, რომ ფესტივალის ფარგლებში დაიგეგმა რამდენიმე სადისკუსიო პანელი, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო ექსპერტები ქართველ კოლეგებს საგამომცემლო საქმის განვითარების სფეროში თავიანთ გამოცდილებასა და ცოდნას გაუზიარებენ, მათთან ერთად განიხილავენ საკითხებს საქართველოს 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობის თაობაზე და, ამასთან დაკავშირებით, ახალ სტატეგიებსაც დასახავენ“, - ამბობს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი.

ვფიქრობ, საყოველთაო ინტერესს დაიმსახურებს გამოფენები, რომლებსაც ფესტივალის ფარგლებში გვთავაზობენ:

  1. XX საუკუნის 10-20-იანი წლების ქართული ილუსტრაციის გამოფენა;
  2. თანამედროვე ქართული ილუსტრაციის გამოფენა;
  3. ირანული საბავშვო ილუსტრაციის გამოფენა;
  4. ილუსტრირებული წიგნის საერთაშორისო გამოფენა;
  5. უკრაინული საბავშვო ილუსტრაციის გამოფენა;
  6. უკრაინული წიგნის გამოფენა;
  7. ალტერნატიული და ექსპერიმენტული წიგნის საერთაშორისო გამოფენა;
  8. სერიგრაფიის გამოფენა;
  9. ფოტოწიგნის გამოფენა.

ილუსტრაციის ვორქშოფს ჩაატარებენ გრაფიკული დიზაინერი რენატე ჰაბინგერი და ილუსტრატორი ვერენა ბალჰაუსი, ხოლო ყდის დიზაინის ვორქშოფს - ბერლინში მოღვაწე მოსკოველი დიზაინერი, ილუსტრატორი და პედაგოგი ეკატერინა კოჟუხოვა. საჯარო ლექციები მიეძღვნება ირანულ საბავშვო ილუსტრაციას, ფოტოწიგნის მუზეუმს, ალტერნატიული გამომცემლობის კულტურას, ახალ არტისტულ ინიციატივებს, უკრაინულ ფოტოალტერნატივას, ელექტრონულ აპლიკაციებს, ავსტრიულ საბავშვო წიგნის სახლს, ქართულ ილუსტრაციას და ა.შ.     

„თბილისის წიგნის დღეებზე“ აუცილებლად წამოიყვანეთ ბავშვები, რადგან მათთვის არაერთი საინტერესო ღონისძიებაა დაგეგმილი, მაგალითად: ჩინური კალიგრაფიისა და ფერწერის, კუნგ-ფუს, საბავშვო ილუსტრაციის, ვერენა ბალჰაუსისა და რენატე ჰაბინგერის ვორქშოფები, აფრიკული ცეკვის გაკვეთილი (7-12 წლისებისთვის).

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს: bookexpo.ge

კომენტარები