აფხაზეთის ანექსია

აბაშიძე: კარასინთან შეხვედრების მიმართ ოპონენტების მიდგომა, ძალიან ბავშვურია

ზურაბ აბაშიძე

საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის შეფასებით, "ხელმოწერილი ახალი ე.წ. ხელშეკრულება აშკარად წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიის ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯს". მისი თქმით, საქართველოს მთავრობას სურს, "სერიოზულად, სოლიდურად, სისტემურად მივუდგეთ ამ ახალ შექმნილ ვითარებას, სადაც ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული - ყველა ბერკეტი, ყველა საერთაშორისო ფორუმი".

პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ასევე აღნიშნავს, რომ ე.წ. აბაშიძე-კარასინის ფორმატის "მიმართ მიდგომა ჩვენი ოპონენტებისა, მე მეჩვენება ძალიან ემოციური და ბავშვური".

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ინტეგრაციის და მოკავშირეობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი გუშინ, სოჭში მოაწერეს. პუტინმა რუსეთის მხრიდან აფხაზეთისთვის ფინანსური დახმარების გაზრდაზე ისაუბრა.

"რუსეთსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობები წარმატებით ვითარდება. ჩვენ შევქმენით წარმატებული ნორმატიულ-საკანონმდებლო ბაზა. ამასთან, აუცილებელია დამატებითი ნაბიჯების გადადგმა, რათა ეკონომიკური განვითარებისთვის უკეთესი პირობები შეიქმნას, ასევე იმისთვის, რომ გარანტირებული იყოს აფხაზეთის უსაფრთხოება და, რაც მთავარია - გადავჭრათ უმთავრესი საკითხი, გავაუმჯობესოთ ადამიანთა ცხოვრება", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

"დღეს ჩვენ ახალ ფაზაში შევდივართ. შეთანხმებაზე ხელის მოწერით, ჩვენ გავზრდით იმ შესაძლებლობებს, რომლებიც ეხება როგორც უსაფრთხოებას, ასევე აფხაზეთის სოციო-ეკონომიკური განვითარების საკითხებს. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენთვის შემოთავაზებული დახმარება ჩვენი სახელმწიფოსთვის რეალურად სასარგებლო იქნება", - თქვა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ.

ხელშეკრულების მიხედვით, რუსეთის მხრიდან გაიზრდება აფხაზეთისთვის ფინანსური დახმარება, შეიქმნება საერთო შეიარაღებული ძალები, ასევე ერთი წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს საინჟინრო-ტექნიკური სამუშაოები საუკუპაციო ხაზზე, რაც მის ენგურამდე გადმოწევას გულისხმობს. საოკუპაციო ხაზს თანაბრად გააკონტროლებს როგორც აფხაზური, ასევე რუსული მხარე. ევრაზიული კავშირის კანონმდებლობის შესაბამისობაში უნდა მოვიდეს საბაჟოც. რუსეთი, თავის მხრივ, აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეებისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივების ვალდებულებას იღებს. დოკუმენტი 10 წლის ვადით იდება, თუმცა 5-წლიანი პერიოდებით გახანგრძლივების საშუალებას იძლევა.

ე.წ. ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ რეზოლუციის პროექტი შეიმუშავა. ენმ-ის ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ აბაშიძე-კარასინის შეხვედრის გაუქმებაა.

კომენტარები