ფარული მოსმენები

ე.წ. გასაღების თემასთან დაკავშირებით კანონპროექტის სამი ვარიანტია შემუშავებული

პარლამენტში ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი პარლამენტში შეხვედრას მართავს. ცნობილია, რომ გასაღების თემასთან დაკავშირებით შემუშავებულია კანონპროექტის სამი ვარიანტი. პირველი მათგანი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს - ეკა ბესელიას, ირაკლი სესიაშვილსა და გედევან ფოფხაძეს ეკუთვნით და მისი მიხედვით, გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს უნდა ჰქონდეთ. მეორე, ვახტანგ ხმალაძის ვარიანტის მიხედვით, გასაღები კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას უნდა გადაეცეს. რაც შეეხება მესამეს, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების ვერსია, რომლის მიხედვით ე.წ. გასაღები სასამართლოს და მობილურ კომპანიებს უნდა ჰქონდეთ.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემოთავაზებულ ვარიანტს არასამთავრობო ორგანიზაციები არ ეთანხმებიან. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური აღნიშნავს, რომ გასაღები არცერთ შემთხვევეში არ უნდა დარჩეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, სხვა კუთხით კი, მსჯელობა შეიძლება.

უმრავლესობის პოზიციას არ ეთანხმებიან არც ნაციონალური მოძრაობის და არც თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლები. ირმა ნადირაშვილის თქმით, ბესელიას, სესიაშვილისა და ფოფხაძის მიერ წარმოდგენილი ვარიანტი შინაგან საქმეთა სამინისტროშია მომზადებული. თავისუფალი დემოკრატების აზრით, პერსონალურ მონაცემებზე წვდომა არცერთ შემთხვევაში არ უნდა ჰქონდეს შსს-ს და ერთი გასაღები სასამართლოში უნდა იყოს.

რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორ თამარ ქალდანს, ის შემოთავაზებულ კანონპროექტთან დაკავშირებით კონკრეტულ პოზიციას არ გამოხატავს და აღნიშნავს, რომ სამსახური ყველა ვერსიის განსახილველადაა მზად. ტაბულას კითხვას, მზადაა თუ არა უწყება იმისთვის, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული ფუნქციები შეასრულოს, თამარ ქალდანი პასუხობს, რომ ამისთვის მზად არც სხვა ვერსიებში განხილული სუბიექტები არიან.

მოსმენების შესახებ კანონპროექტის თემას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში. რიჩარდ ნორლანდი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია არა ის, თუ ვის ხელში იქნება ე.წ. გასაღები, არამედ - რამდენად ეფექტურია დამცავი საშუალებები.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ვეტოს შესაბამისად, მოსმენების საკითხზე გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადა მიმდინარე წლის პირველი დეკემბერია.

კომენტარები