იარაღის შესყიდვა

კაპანაძე: იარაღის შესახებ მოლაპარაკებები ახალმა მინისტრმაც უნდა გააგრძელოს

radiotavisupleba.ge

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, იარაღსა და საბრძოლო სისტემებთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყანასთან მოლაპარაკებები თავდაცვის ახალმა მინისტრმა მინდია ჯანელიძემაც უნდა გააგრძელოს. კაპანაძე აღნიშნავს, რომ ეს სამხედრო პოლიტიკური ნაწილის შემადგენელი აუცილებელი პირობაა.

“შეხვედრები და მოლაპარაკებები ჩვენ გვაქვს მუდმივად არა მარტო ამერიკაში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. ეს არის მიმდინარე პროცესი. ახალმა მინისტრმაც უნდა გააგრძელოს მსგავსი მოლაპარაკებები. ეს არის სამხედრო პოლიტიკური ნაწილის შემადგენელი აუცილებელი პირობები,” - აღნიშნა კაპანაძემ.

კაპანაძის თქმით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას ბოლო ვიზიტების დროს მოლაპარაკებები იარაღის შესყიდვასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა, თუმცა კონკრეტულ ინფორმაციას ის ვერ გაასაჯაროვებს, რადგან მოლაპარაკებები დასრულებული არ არის.

"მოლაპარაკებები რადგანაც არ დასრულებულა, მე ვერც იარაღის სისტემას და ვერც შედეგს ვერ დავასახელებ. ზოგადად მსგავსი შეხვედრები და მოლაპარაკებები ჩვენ გვაქვს მუდმივად," - თქვა კაპანაძემ.

კომენტარები