კრიზისი კოალიციაში

ჯანელიძე: ჯარი იქნება თავისუფალი პოლიტიკური კონიუნქტურისგან

რადიო თავისუფლება

თავდაცვის ახალმა მინისტრის მინდია ჯანელიძის განცხადებით, "შეიარაღებული ძალების განვითარების კურსი უცვლელი დარჩება". ჯანელიძის თქმით, მისი მმართველობა დაეფუძნება კანონის უზენაესობას, გამჭირვალობასა და ეფექტურობას. მისივე განცხადებით, "ჯარი იქნება თავისუფალი პოლიტიკური კონიუნქტურისგან". ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს გამოცხადებული ნდობისთვის.

"შეიარაღებული ძალების განვითარების კურსი უცვლელი დარჩება. ეს ჩვენი მთავრობის და ქართველი ხალხის არჩევანია. ჩვენ ორიენტირებული ვიქნებით ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო დაუახლოვდეს NATO-ს და მოხდეს NATO-სთან შეიარაღებული ძალების თავსებადობის ამაღლება. ასევე, აქტიურად გაგრძელდება ურთიერთობები და სამხედრო თანამშრომლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან, დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან და საქართველოს სხვა მეგობარ ქვეყნებთან. მეორე პრინციპი, რასაც დაეფუძნება ჩემი მმართველობა, ეს არის - შეიარაღებულ ძალებში თითოეული მომსახურე ოფიცრისა და ჯარისკაცის პატივისცემა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ისინი გმირები არიან და ემსახურებიან თავიანთ ქვეყანას. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათ მოახერხონ თავიანთი თავის სრულად რეალიზება და სამშობლოს ღირსეულად გაუწიონ სამსახური. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდება მთავრობის კურსი შეიარაღებული ძალების დეპოლიტიზაციის მიმართულებით. მიგვაჩნია, რომ ჯარი თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკისგან და პოლიტიკური კონიუნქტურისგან. ჯარს აქვს თავის საქმე. ის, ძირითადი ქვაკუთხედია ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სფეროში. ამიტომ, ჯარი იქნება თავისუფალი პოლიტიკური კონიუნქტურისგან. შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებზე როდესაც ვსაუბრობთ, არ დაგვავიწყდეს ის ადამიანები, რომლებმაც თავიანთი ჯანმრთელობა და სიცოცხლე ამ ქვეყანას შესწირეს. სამინისტრო ყოველთვის გამოიჩენს სათანადო ყურადღებას და გვერდში დაუდგება იმ ადამიანებს და მათ ოჯახის წევრებს, რომლებმაც თავისი ქვეყნისთვის ყველაფერი გაიღეს", - განაცხადა ჯანელიძემ.

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში თავდაცვის ახალი მინისტრი მინდია ჯანელიძე დღეს წარადგინა. საქართველოს პრემიერმინისტრის თანაშემწეს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში მინდია ჯანელიძეს აქამდე, კრიზისებისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პოსტი ეკავა.

"დარწმუნებული ვარ, რომ მინდია ჯანელიძე იქნება ბევრად უფრო უკეთესი მინისტრი, ვიდრე იყო მისი წინამორბედი. რაც მთავარია, მე ვარ დარწმუნებული, რომ იგი ერთგულად, ღირსეულად ემსახურებება ქართულ ჯარს და კიდევ უფრო გააძლიერებს თავდაცვის სამინისტროს და ჩვენს შეიარაღებულ ძალებს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მინდია ჯანელიძეს დამთავრებული აქვს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემია, კონტრმზვერავი/იურისტი-სამართალმცოდნის სპეციალობით. საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, იყო ოპერატიული სამსახურის სამმართველოს უფროსი, 2012 წლიდან კი ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს. მინდია ჯანელიძე სამხედრო წოდებით არის პოლკოვნიკი, მიღებული აქვს ღირსების ორდენი და ასევე უწყებრივი ჯილდო - მედალი “მაღალი პროფესიონალიზმისთვის”.

მინდია ჯანელიძე ირაკლი ალასანიას შემცვლელად ღარიბაშვილმა გუშინდელ პრესკონფერენციაზე დაასახელა. თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას შეფასებით, ჯანელიძე სამინისტროში დაწყებულ რეფორმებს გააგრძელებს.

"მე ვიცნობ მინდია ჯანელიძეს და დარწმუნებული ვარ, რომ ის არის ჩვენი ქვეყნის პატრიოტი. ის არის ადამიანი, რომელიც თავდაცვის სამინისტროში გააგრძელებს იმ რეფორმებს, რომელიც დაწყებული იყო. მე, ბუნებრივია, მას შევხვდები და გადავაბარებ უწყებას", - განაცხადა ალასანიამ გადაცემა არჩევანში.

კომენტარები