ფარული მოსმენები

უსუფაშვილი: პრემიერმინისტრის პოზიციას ე.წ. გასაღებზე არ და ვერ გავიზიარებდი

Jamestown.org

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პრემიერმინისტრის მოსაზრებას ფარული მოსმენებისას პერსონალურ მონაცემებზე წვდომის მექანიზმის - ე.წ. გასაღების შესახებ სრულად არ იზიარებს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სახელმწიფო ე.წ. გასაღებს უცხოურ კომპანიებს ვერ ანდობს. უსუფაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა. 

"ბატონმა პრემიერმინისტრმა ბრძანა, რომ მისი პოზიციაა, გასაღები დარჩეს სადაც არის, ვინაიდან შსს-ში ყველაზე სწორად და ეფექტურად გაუძღვებიან ამ საქმეს, ამასთან, მან ისიც თქვა, რომ მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს, კონტროლისა და მონიტორინგის მექანიზმები. მე ამ დებულებას სრულად არ და ვერ გავიზიარებდი, - მგონია, რომ კონტროლის და მონიტორინგის მექანიზმები უნდა გაიზარდოს, რაც შეეხება ამ საინფორმაციო ბაზის ადგილსამყოფელს და იმ ადამიანის, რომელმაც სასამართლოს ნებართვის საფუძველზე, რაღაც უნდა ჩართოს, ამაზე კონკრეტული მოსაზრებები ცოტა მოგვიანებით მექნება. ეს საკითხი მნიშვნელოვანი იმიტომ არის, რომ მან ვინც პულტთან ზის, სასამართლოს ნებართვის გარეშე, სხვა ტელეფონები არ ჩართოს მოსმენაზე. 

ეს უნდა გამოვრიცხოთ. ამასთან, ისიც უნდა გამოვრიცხოთ, თუ კი გამომძიებელს სასამართლოს ნებართვა უჭირავს ხელში, მას არავინ შეუქმნას პრობლემა, ამ ინფორმაციის მიღებაში. მესამე რაც უნდა გამოვრიცხოთ, - იმ პირებმა, რომლებსაც არ ევალებათ, არ შეიძლება იცოდნენ, ვის უსმენენ და ვის - არა, რათა ამის შესახებ ინფორმაცია არ გაიტანონ სადმე. აქედან გამომდინარე, - ამ სამივე მიზნის უზრუნველსაყოფად, ჩვენ მოვძებნით სწორ მოდელს", - თქვა უსუფაშვილმა. 

დავით უსუფაშვილის თქმით, ვეტოს დაძლევით ვითარება კონფრონტაციულ გარემოში გადავიდოდა, გაზიარებით კი სათანამშრომლო გარემოდ გადაიქცა. "მირჩევნია, ეს 1 თვე სათანამშრომლო გარემოში ვიყო, ვიდრე თებერვლამდე კონფრონტაციაში ვყოფილიყავით",- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტმა პრეზიდენტის შენიშვნებს და მის საკანონმდებლო შეთავაზებას მხარი დაუჭირა. ფარული მოსმენებისას პერსონალურ მონაცემებზე წვდომის მექანიზმებთან – ე.წ. "გასაღებთან" დაკავშირებით საკანონმდებლო ნორმის მომზადების და დამტკიცების მიზნით პარლამენტს ერთთვიანი ვადა მიეცა – ბოლო თარიღი მიმდინარე წლის 1 დეკემბერია. 1 დეკემბრამდე ე.წ. გასაღები შსს-ში რჩება.

კომენტარები