ფარული მოსმენები

გიგაური: სამწუხაროა ფარულ მოსმენებზე პრემიერის დამოკიდებულება

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის განცხადებით, ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, "სამწუხაროა პრემიერის ასეთი დამოკიდებულება". ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი პერსონალურ მონაცემებზე წვდომის ე.წ. გასაღების მობილური ოპერატორებისთვის და სასამართლოსთვის გადაცემას ეწინააღმდეგება. როგორც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, თუ გასაღები მობილურ ოპერატორებს და სასამართლოს გადაეცემათ, სისტემა იქნება პარალიზებული და ეს იქნება სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. 

"მე მგონია, რომ დღეს ჩვენ უკვე არჩევანის წინაშე ვდგვართ. ან ვირჩევთ დემოკრატიული მმართველობის სისტემას, ვირჩევთ თანამედროვე სისტემას, ვირჩევთ ევროპულ დამოკიდებულებას სხვადასხვა საკითხის მიმართ ან ვრჩებით საბჭოურ სისტემაში. ვფიქრობთ, რომ აქ არ არის საუბარი ერთ კონკრეტულ კანონზე, აქ არის საუბარი დამოკიდებულებაზე, პრინციპებსა და ღირებულებებზე. იმედს ვიტოვებ, რომ უმრავლესობა პარლამენტში ამას არ დაუჭერს მხარს და პრეზიდენტის რეაქციაც იქნება ადეკვატური", - აცხადებს ეკა გიგაური.

ცნობისთვის, პერსონალურ მონაცემებზე წვდომის გასაღებთან დაკავშირებული პროექტის მომზადების საბოლოო ვადა შესაძლოა შეიცვალოს და არა 1 ნოემბერი, არამედ 2015 წლის 1 აპრილი გახდეს. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი შალვა შავგულიძეა. მისი განმარტებით, ე.წ. გასაღების თემაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის საქმიანობა საკანონმდებლო ინიციატივის ჩამოყალიბებისათვის საკმარისი არაა და საბოლოო გადაწყეტილებისთვის უფრო მეტი დროა საჭირო. აღნიშნულს აპროტესტებენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებებზე მუშაობდნენ. ისინი შავგულიძის ინიციატივას არ ეთანხმებიან და მას გაუგებარს უწოდებენ. არასამთავრობო ორგანიზაციების პრეტენზია ეხება იმასაც, რომ სამუშაო ჯგუფი ბოლო ერთი თვეა არ შეკრებილა, შესაბამისად, მათი ინიციატივა ცვლილებებთან დაკავშირებით, არ განხილულა. 

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი ორი გასაღების პრინციპს ითვალისწინებს - პერსონალურ მონაცემებზე წვდომა უნდა ჰქონდეთ მობილურ ოპერატორებს და სასამართლოს. ისინი პრეზიდენტს მიმართავენ თხოვნით, ვეტო დაადოს შალვა შავგულიძის მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებულ კანონპროექტს. 

კომენტარები