მსოფლიო მოდა

82 წლის ასაკში ცნობილი ამერიკელი დიზაინერი ოსკარ დე ლა რენტა გარდაიცვალა

Getty Images

82 წლის ასაკში ცნობილი ამერიკელი დიზაინერი ოსკარ დე ლა რენტა გარდაიცვალა. ინფორმაცია დიზაინერის ოჯახმა დაადასტურა. ოსკარ დე ლა რენტა უკანასკნელ წლებში სიმსივნეს ებრძოდა.

ოსკარ დე ლა რენტამ სახელი 60-იან წლებში გაითქვა, როდესაც ამერიკის პირველ ლედის, ჯეკი კენედის აცმევდა. მოგვიანებით მის მიერ შექმნილი ტანისამოსი ეცვა პრინცესა დიანას, ოპრა უინფრის, ჰილარი კლინტონს, მიშელ ობამას და ჰოლივუდის ვარსკვლავთა თაობებს.

დე ლა რენტა 1932 წელს, დომინიკის რესპუბლიკაში დაიბადა. მოღვაწეობა ესპანელი დიზაინერის კრისტობალ ბალენსიაგას შეგირდად დაიწყო, სანამ პარიზში ლენვინისა და ბალმეინისთვის დაიწყებდა მუშაობას. დიზაინერმა საკუთარი ლეიბლი ნიუ იორკში 1965 წელს ჩამოაყალიბა.

“მე მინდა შევქმნა ტანსაცმელი, რომელსაც ხალხი ჩაიცვამს, და არა ისეთი სტილი, რომელიც დიდ გაელვებას გამოიწვევს პოდიუმზე. მოდა იმის მიხედვით ჩაცმას ნიშნავს, რაც მოდურია. სტილი კი უფრო იმას ნიშნავს, რომ იყო საკუთარი თავი”, -ეს სიტყვები ოსკარ დე ლა რენტას ეკუთვნის.

დე ლა რენტას უკანასკნელი კოლექცია პოდიუმზე სექტემბერში, ნიუ იორკის მოდის კვირეულზე გამოჩნდა. ამ ჩვენების შემდეგ დიზაინერმა საკუთარი მოდების სახლის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიცია ბრიტანელ პიტერ კოპინგს გადააბარა.

კომენტარები