დაკავება პრემიერის სახლთან

ონიანი: რომეო საჯაიას დაკავების ოქმი რამდენჯერმე დახიეს და ახალი შეადგინეს

epn.ge

ადვოკატ გიორგი ონიანის ინფორმაციით, "რომეო საჯაიას დაკავების ოქმი რამდენჯერმე დაიხა". მისი თქმით, "ოქმი დაწერეს, დახიეს და ახალი შეადგინეს". ადვოკატის შეფასებით, საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი "თავის პიროვნულ ამბიციებს ვერ გადაახტა და დაიწყო მის ხელთ არსებული ბერკეტების - სახელმწიფო რესურსის გამოყენება".

"ვერ აიტანა მის სახლთან 200-მდე ახალგაზრდის აქცია და წარმოიდგინეთ, რამდენიმე ათასი ადამიანი რომ გამოვიდეს, თვითონ გამოვა ავტომატით და დაცხრილავს ადამიანებს, ასეთი შთაბეჭდილება რჩება", - ამბობს ონიანი.

19 ოქტომბრის საღამოს, პრემიერ ღარიბაშვილის საცხოვრებელ სახლთან, მოსაშვილის 10-ში, სადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მხარდამჭერები აქციას მართავდნენ ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე, მათ შორის, ტაბულას ფოტორეპორტიორი ალექსანდრე გიორგაძე და ადვოკატი რომეო საჯაია დააკავა.

დემონსტრანტების ცნობით, პოლიციამ აქციაზე პროვოკატორები შეგზავნა, რომლებიც მათი მისამართით იგინებოდნენ. დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა, რის შემდეგაც პოლიციამ რამდენიმე პირი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა. ბაჩო ახალაიას მხარდამჭერები პრემიერის სახლთან, ღარიბაშვილის მხრიდან სასამართლოზე ზეწოლას აპროტესტებდნენ. მათ ამავე შინაარსის ტრანსპარანტები ეჭირათ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტაბულას ფოტოგრაფი ალექსანდრე გიორგაძე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. ამასთან, შსს-ს მტკიცებით, გიორგაძემ პოლიციის თანამშრომელს რადიოგადამცემი ამოაცალა. ადვოკატ ოთო კახიძის განცხადებით კი, ამის შესახებ არაფერი წერია დაკავების ოქმში.

შსს-ს ინფორმაციითვე, ხუთი პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს, ხოლო ერთი - ლევან კვარაცხელია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობას ჩადენილს ძალადობით.

კომენტარები