ოჯახური ძალადობა

პარლამენტმა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა

პარლამენტმა მესამე მოსმენით, ერთხმად, საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა, რომელიც ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ახალი ნორმების შემოღებას ითვალისწინებს. ცვლილებები ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ კანონში და რამდენიმე სხვა კანონშიც შედის. კენჭისყრის დაწყების წინ პარლამენტის თავმჯდომარე ილიას უნივერსიტეტში ქმრის მიერ ყოფილი ცოლის მკვლელობას გამოეხმაურა.

"პროექტს ჩვენ კენჭს ვუყრით იმ საზარელი ტრაგედიის ფონზე, რომელიც ილიას უნივერსიტეტში დატრიალდა. იქნებ ამ კანონებით შევეხმიანოთ ამ უმძიმეს მდგომარეობას, მაგრამ მხოლოდ კანონი ვერაფერს უშველის", – განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

პროექტის მიხედვით, ოჯახური ძალადობის შედეგად დაზარალებული პირები დამატებითი უფლებებით ისარგებლებენ. საკანონმდებლო პაკეტით იზრდება დაზარალებულთათვის უფლებებისა და დაცვის გარანტიები.

პროექტის თანახმად, მსხვერპლს ენიჭება უფლებამოსილება ოჯახში ძალადობის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით შესაბამის სახელმწიფო ორგანოს მიმართოს, მიიღოს კომპენსაცია კანონით დადგენილი წესით, ისარგებლოს უფასო სამართლებრივი კონსულტაციით, უფასო პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარებით და ა.შ. ახალი კანონის პროექტის მიხედვით, მათ ეძლევათ უფლება დარჩნენ საკუთარ სახლში იმ შემთხვევაში, თუ მათ ასე ურჩევნიათ, მოძალადე კი ვალდებული იქნება, თავის საკუთრებაში მყოფი სახლი დატოვოს ასეთ სიტუაციაში. გარდა ამისა, ცხელი ხაზის უფასო მომსახურება ერთ-ერთი ცვლილებათაგანია, რომელიც დაზარალებულებს 24 საათის განმავლობაში მოემსახურება. 

კომენტარები