კრიზისი უკრაინაში

პუტინი დასავლეთს აფრთხილებს

დასავლეთის ზეწოლა რუსეთზე უკრაინის მოვლენების გამო სიტუაციის მოწესრიგებას მხოლოდ ართულებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სერბულ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა.

"ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაიგონ, რომ რუსეთზე ზეწოლის მცდელობები ცალმხრივი და არალეგიტიმური შეზღუდვების მეშვეობით დარეგულირებასთან კი არ გვაახლოებს, არამედ დიალოგს მხოლოდ ართულებს", - განაცხადა პუტინმა. მან დასავლეთს ურჩია, დაფიქრდეს, რას იწვევს კონფრონტაცია დიდ ბირთვულ სახელმწიფოებს შორის და უარი თქვას შანტაჟზე, რადგან სანქციებით რუსეთის იზოლირება ვერ მოხდება. პუტინის განცხადებით, სიტუაციის დარეგულირება მხოლოდ შიდა უკრაინული დიალოგის გზით არის შესაძლებელი.

ამასთან, მილანში დღეს აზია-ევროპის სამიტი უნდა გაიხსნას, რომლის ფარგლებშიც რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართება.   უკრაინული ჯგუფის ფემენის აქტივისტებმა სამიტზე ვლადიმირ პუტინის მოწვევა გააპროტესტეს. ისინი წელს ზევით გაშიშვლდნენ და  წითელი საღებავი გადაისხეს. აქტივისტების თქმით, პუტინის მოწვევა მის მიერ ჩადენილ ძალადობაზე თვალის დახუჭვას ნიშნავს.

ვითარება უკრაინის აღმოსავლეთში კვლავ დაძაბული რჩება. სეპარატისტებმა დონეცკის აეროპორტზე მორიგი იერიში მიიტანეს. ანტიტერორისტული ოპერაციის პრესცენტრის შტურმი კვლავ უშედეგო გამოდგა და სტრატეგიული ობიექტი უკრაინული ძალების კონტროლის ქვეშ რჩება. სამხედროებს შორის დანაკარგები არ ყოფილა. ტერორისტებმა ცეცხლი გახსნეს ფრონტის სხვა მონაკვეთებზეც. გარდა ამისა, უკრაინის უშიშრობის საბჭო ქვეყნის საზღვრებიდან რუსული ჯარების გაყვანას არ ადასტურებს, რის შესახებ მანამდე რუსეთის სამხედრო უწყებამ განაცხადა. კიევში ამბობენ, რომ ინფორმაცია საზღვრებთან მყოფი რუსული ძალების დისლოკაციის ადგილებში დაბრუნების დაწყების შესახებ არ გააჩნიათ. ამავე დროს, რუსეთი უკრაინის ტერიტორიის დაზვერვას აგრძელებს. 

კომენტარები