ცენტრალური აფრიკის მისია

ქართული სამხედრო კონტინგენტი ცენტრალური აფრიკის ტერიტორიას დეკემბერში დატოვებს

ევროკავშირის ეგიდით მყოფი ქართული სამხედრო კონტინგენტი ცენტრალური აფრიკის ტერიტორიას ტოვებს. ქართველი სამხედროები სამშობლოში დეკემბრის ბოლოს დაბრუნდებიან.

სამშვიდობო ასეულის აფრიკიდან გამოყვანის შესახებ გადაწყვეტილება გენერალურმა შტაბმა უკვე მიიღო. გენერალურ შტაბში მიზეზად როტაციის ვადის ამოწურვას ასახელებენ.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილის, ვლადიმერ ჩაჩიბაიას თქმით, ბათუმის ცალკეული ქვეითი ბატალიონის ერთი ასეული, რომელიც მონაწილეობას იღებდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიაში, ქვეყანას 2014 წლის დეკემბრის ბოლოს დატოვებს. მისივე ინფორმაციით, შემდგომი როტაცია დაგეგმილი არ არის.

გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით ქართველი სამხედროების მიერ ცენტრალური აფრიკის დატოვების მიზეზი ებოლას ვირუსია, არ ადასტურებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. ირაკლი ალასანიას თქმით, ცენტრალურ აფრიკაში ვირუსის შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა, თუმცა, საფრთხის გაჩენის შემთხვევაში, სამინისტროს ჯარისკაცების ევაკუაციის სპეციალური გეგმა აქვს შემუშავებული.

ევროკავშირმა საქართველოს მთავრობას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დაგეგმილ სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის შესახებ თხოვნით 2014 წლის თებერვალში მიმართა. საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის ეგიდით დაგეგმილ მისიაში ქართული მხარის ჩართვას მხარი დაუჭირა. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს შეიარაღებული ძალების ასეული ივნისში გაემგზავრა.

კომენტარები