ზღვის უბნის მოსახლეობა

მერია ზღვის დასახლების საკითხზე, ორ მხარეს შორის მედიატორი იქნება

თბილისის მერია

თბილისის მერია ზღვის უბნის სადავო კორპუსების მცხოვრებლებსა და მეტრომშენის წარმომადგენლებს შორის მედიატორის როლს შეასრულებს. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ ზღვის უბნის სადავო კორპუსების მცხოვრებთა და მეტრომშენის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ალუდა გოგლიჩიძის თქმით, შეხვედრა შედგა ორივე მხარესთან, თუმცა, პირველი შეხვედრა უფრო დატვირთული იყო, რადგან მასში მონაწილეობდნენ ნაძალადევის გამგებელი და მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები. რაც შეეხება მეტრომშენის წარმომადგენლებთან შეხვედრას, ალუდა გოგლიჩიძის თქმით, შეთანხმდნენ, რომ შეხვედრა ხუთშაბათს, ან პარასკევს გაიმართება.

„ჩვენ მოვვისმინეთ ერთი მხარე და ლოგიკურია, რომ მოვისმინოთ მეორეც, რათა შეჯერდეს ყველა პოზიცია და ინტერესი და მივიღოთ სრულფასოვანი გადაწყვეტილებები“ - განაცხადა ალუდა გოგლიჩიძემ. 

მისივე თქმით, დღევანდელი და მომდევნო შეხვედრების მიზანი  პრობლემის გადაჭრის  ალტერნატიული გზების მოძიებაა.

„ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, ეს არის წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები, რომელთა გადასაჭრელად არ არსებობს არავითარი დოკუმენტი, რომელიც გაგვარკვევდა, რა ქმედებას რა შედეგი შეიძლება მოყვეს“- განაცხადა მერის მოადგილემ. ალუდა გოგლიჩიძე სამუშაო პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს საზოგადოებას, სამართლებრივ და უფლებადაცვით საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.

ნაძალადევის რაიონის გამგებლის, ზაზა გაბუნიას თქმით, "განსხვავებით იმ პოლიტიკური ოპონენტებისგან, რომლებიც დღესვე ითხოვენ გადაწყვეტილების მიღებას და 10 წლის განმავლობაში თითი თითზე არ დაუკარებიათ პრობლემის გადასაჭრელად", შექმნილი კომისიის ორთვიანმა მუშაობამ შედეგი გამოიღო საინფორმაციო თვალსაზრისით.

„შეუძლებელია თბილისის მერია ან ნაძალადევის გამგეობა მხარს უჭერდეს რომელიმე მხარეს, რადგან, ორივე მხარეს  ჩვენი მოქალაქეები დგანან. პრობლემის სირთულიდან გამომდინარე, ჩვენ ძალისხმევას  არ დავიშურებთ  მათი პოზიციების დასაახლოვებლად.  აუცილებლად შედგება შეხვედრა მეორე მხარესთან, რადგან  საკითხი თანაბრად მნიშვნელოვანია, შესაბამისად, თანაბრად მნიშვნელოვანია ორივე მხარის ინტერესების დაცვა“ - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

ნაძალადევის რაიონში, ლოტკინის გორაზე არეულობა წუხელ გვიან ღამით დაიწყო, მას შემდეგ, რაც ზღვის უბნის 204–ე და 205–ე ნომრების მაცხოვრებლებს პოლიციამ საცხოვრებლების დატოვებისთვის 24-საათიანი ვადა მისცა. მათი  ნაწილი სახურავზე ავიდა, ცეცხლი დაანთო და თვითმკვლელობით იმუქრებოდა. ადგილზე პოლიცია და სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული.

პოლიციამ წუხელვე  გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მეხუთე განყოფილებაში დაკითხა აქციის ერთ–ერთი მონაწილე, რომელსაც სუიციდის მცდელობა ჰქონდა.  აქციის მონაწილე ამბობს, რომ ის მაშველებმა გადაარჩინეს.

ნაძალადევის რაიონის გამგებლის გარდა, აქციაზე მოსახლეობის მხარდასაჭერად მივიდნენ ნიკა მელია ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან და ირაკლი ღლონტი პარტია რეფორმატორებიდან.

ნაძალადევის რაიონის გამგებლის ზაზა გაბუნიას ინფორმაციით, მეტრომშენის მფლობელობაში არსებული კორპუსების პრივატიზაცია სასამართლომ გამგეობას ჯერ კიდევ გასულ წლებში დააკისრა, გამგეობამ სასამართლოს გადაწყვეტილება აღასრულა და  მეტრომშენის წარმომადგენლები თვითნებურად შესული ადამიანების გამოსახლებას სწორედ ამ დოკუმენტის საფუძველზე ცდილობდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, გასახლება 108  ოჯახს შეეხება. მათი უმეტესობა უსახლკარო და სოციალურად დაუცველია. კორპუსებში, რომლებიც ამჟამად გასხვისებულია, ოჯახები  10 წელზე მეტია, რაც ცხოვრობენ. მაცხოვრებლები, რომელთა მტკიცებით, გასხვისება უკანონოდ მოხდა, კორპუსების დატოვებას არ აპირებენ და უკიდურესი ზომების მიღებით იმუქრებიან.

კომენტარები