საია

საია: საქართველოში SONY-ის ოფიციალური დისტრიბუტორი ფართიდან უკანონოდ გაასახლეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს მთავარ პროკურორს, გიორგი ბადაშვილს საქართველოში SONY-ის ოფიციალური დისტრიბუტორის - შპს "ლაზერი -2 თბილისის" კანონიერი ფართიდან გამოსახლების შესახებ გამოძიების დაწყებას სთხოვს. საიას მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 8 სექტემბერს აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები გაფრთხილების გარეშე შეიჭრნენ შპს "ლაზერი -2 თბილისის" იჯარის ხელშეკრულებით დაკავებულ ფართში, საიდანაც ძვირადღირებული ტექნიკა, საოფისე ინვენტარი და საბუღალტრო დოკუმენტაცია წაიღეს. საიას განცხადებით, ამისთვის, არბიტრაჟის ან სასამართლოს გადაწყვეტილება არ არსებობს. 

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, ამჟამად შპს "ლაზერი -2 თბილისს" სამეწარმეო საქმიანობა შეწყვეტილი აქვს, რის გამოც მას ზიანი ადგება. მისი დირექტორისთვის იოსებ ქოქელაძისთვის წაღებული ნივთების და დოკუმენტაციის მდებარეობა უცნობია.

როგორც საიას მიერ გიორგი ბადაშვილისთვის გაგზავნილ წერილში წერია, შპს "ლაზერი -2 თბილისი" 2005 წლიდან რუსთაველის გამზირის ნომერ 30-ში მდებარე შპს "რუსთაველი პროფერთიში" იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე ფლობდა 200 კვ.მ ფართს. მისი დირექტორი და პარტნიორი იოსებ ქოქელაძეა, რომელიც ამ ობიექტის გარდა, შპს სონიცენტრი თბილისის დირექტორი და პარტნიორიცაა. სონიცენტრი თბილისის ოფისიც შპს "რუსთაველი პროფერთი"-ში, შპს "ლაზერი -2 თბილისის" მომიჯნავედ მდებარეობდა. არბიტრაჟმა მესაკუთრის (შპს "რუსთაველი პროფერთი") სარჩელი შპს "სონიცენტრი თბილისის" დაკავებული ფართიდან გამოსახლების თაობაზე 2013 წლის 11 დეკემბერს დააკმაყოფილა. ამის შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციამ კომპანიას 2014 წლის 18 აგვისტოს აცნობა.

როგორც იოსებ ქოქელაძე საიასთან საუბარში აღნიშნავს, შპს "სონიცენტრი თბილისს" დაკავებული 242კვ.მ ფართი უკვე დაცლილი ჰქონდა. ამის შემდეგ კი, მიმდინარე წლის 8 სექტემბერს, აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები უკვე შპს ლაზერი -2 თბილისში შეიჭრნენ.

"არ არსებობს არბიტრაჟის ან სასამართლოს გადაწყუვეტილება შპს ლაზერი-2 თბილისის გამოსახლების თაობაზე. შესაბამისად, აღსრულების პოლიციას არ გააჩნდა არანაირი ლეგიტიმური საფუძველი შპს „ლაზერი-2 თბილისის“ გამოსახლების შესახებ. აღნიშნულის გამო, შპს „ლაზერი-2 თბილისს“ შეწყვეტილი აქვს სამეწარმეო საქმიანობა, რის გამოც ადგება მნიშვნელოვანი ზიანი. შპს „ლაზერი-2 თბილისის“ დირექტორისათვის გაურკვეველ ადგილას არის წაღებული საზოგადოების კუთვნილი ძვირადღირებული ნივთები და მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,მიგვაჩნია, რომ აღსრულების პოლიციის ქმედებაში შესაძლებელია იკვეთებოდეს დანაშაულის ნიშნები, რის გამოც, მოგმართავთ თხოვნით, შეისწავლოთ საქმის მასალები და დაიწყოთ გამოძიება", - ნათქვამია საიას მიმართვაში.

კომენტარები