მსაჯების დაკავება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია შსს-ს მადლობას უხდის

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მსაჯების დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში წერია, რომ რამდენიმე კვირის წინ, შედგა შეხვედრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებსა და შსს-ს ანტიკორუფციული სამსახურის ხელმძღვანელებს შორის, სადაც კიდევ ერთხელ დაისვა საკითხი ჩაწყობილი მატჩების გამოძიებასთან დაკავშირებით.

"საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დიდი ხანია აქტიურად თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. წლის განმავლობაში, სფფ-მ ოფიციალური წერილით რამდენჯერმე მიმართა შსს-ს და სთხოვა უეფადან მიღებული ინფორმაციის გადამოწმება საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში საეჭვო მატჩებთან დაკავშირებით. რამდენიმე კვირის წინ, შედგა შეხვედრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებსა და შსს-ს ანტიკორუფციული სამსახურის ხელმძღვანელებს შორის, სადაც კიდევ ერთხელ დაისვა საკითხი ჩაწყობილი მატჩების გამოძიებასთან დაკავშირებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა საქმეში გასარკვევად ორკვირიანი ვადა ითხოვეს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს გაწეული სამუშაოსა და თანამშრომლობისთვის. გამოძიება გრძელდება და იმედი გვაქვს, ამ კორუფციულ გარიგებებში მონაწილე ყველა პირი და მხარე სათანადოდ აგებს პასუხს",- ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ შსს-ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ კომერციული მოსყიდვის ფაქტზე 8 პირი დააკავა. როგორც შსს-ში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ანტიკორუფციული სააგენტოს წარმომადგენელმა გიორგი ქურდაძემ განაცხადა, დაკავებულები არიან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა და მსაჯთა დამკვირვებელთა კომიტეტის ეროვნული კატეგორიის არბიტრები – 1977 წელს დაბადებული ოთარ ხ., 1979 წელს დაბადებული ირაკლი უ., 1972 წელს დაბადებული მამუკა უ., 1975 წელს დაბადებული თეიმურაზ ხ., ასევე პირველი კატეგორიის არბიტრები, 1975 წელს დაბადებული ალექსანდრე გ., 1984 წელს დაბადებული ზვიად ა., ეროვნული კატეგორიის ასისტენტი, 1974 წელს დაბადებული ონისე მ. და "ფიფას" არბიტრი, 1986 წელს დაბადებული თორნიკე გ. დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული პირები 2500-დან 5000 აშშ დოლარამდე თანხის სანაცვლოდ წინასწარ ურიგდებოდნენ მოქალაქეებს მათი მსაჯობით ჩასატარებელ თამაშებში ფეხბურთელთა დასაჯარიმებელი ყვითელი და წითელი ბარათების რაოდენობაზე, რასაც ზედმიწევნით ზუსტად ასრულებდნენ. ამ სქემით ბრალდებულები აღნიშნულ მოქალაქეებს საშუალებას აძლევდნენ წინასწარ შეპირებული ჯარიმების რაოდენობის მიხედვით გაკეთებული ფსონით მოგება მიეღოთ", - აღნიშნა გიორგი ქურდაძემ.

ქურდაძის ინფორმაციით, გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკევეთას ითვალისწინებს.

"გამოძიების ხელთ არსებული მონაცემებით, ანალოგიური სქემით მოქმედებენ სხვა მსაჯებიც, რომელთა მიმართ გამოძიება გრძელდება. გამოძიებას აწარმოებს შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტო", - თქვა ქურდაძემ.

კომენტარები