უკრაინა

De Profundis: უკრაინა და თვინიერების ხაფანგი

რამდენიმე დაკვირვება ტბელი აბუსერისძის ქუჩიდან

რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპაციის შედეგად მთელი მსოფლიოსათვის აშკარა გახდა ის, რისთვისაც თვალის გასწორებას დიდი ხნის განმავლობაში ბევრი გაურბოდა – დაუფარავი სამხედრო აგრესიის გზით რუსეთი თანამედროვე ევროპის რუკის გადაკეთებას ცდილობს.

ჩვენი გუნდის წევრები, რამდენიმე დასავლელ პოლიტიკოსთან ერთად, დიდი ხნის განმავლობაში ღრმა უმცირესობაში ვიყავით, როცა ჯერ კიდევ 2008 წლის ომამდე ვსაუბრობდით იმაზე, რომ საქართველოს წინააღმდეგ აგრესიით პუტინის იმპერიალისტური ავანტიურა არ დასრულდება, რომ შემდეგ აუცილებლად იქნება უკრაინა და ყაზახეთი და რომ ხელშეუხებლები არც ნატოს წევრი სახელმწიფოები არიან. მაშინ ან არავინ გვისმენდა, ან თუ გვისმენდნენ – რეალობას აცდენილ, ცივი ომის აჩრდილებთან მებრძოლებად გვთვლიდნენ.

კასანდრას ამპლუაში ყოფნა თვითკმაყოფილების შეგრძნებას არ იძლევა, მაგრამ, სამწუხაროდ, ისტორიამ გვიჩვენა, რომ რუსული საფრთხის შეფასებისას რეალიზმის დეფიციტს სწორედ ისინი განიცდიდნენ, ვინც პუტინთან მიმართებით მკვეთრ შეფასებებს გაურბოდა და კრემლის საგარეო პოლიტიკის არსის შესახებ უხერხულ სიმართლეს თვალს არიდებდა.

დღეს ვითარება არსებითად შეცვლილია. პრინცი ჩარლზიდან დაწყებული, ჰილარი კლინტონით დამთავრებული, ახლა უკვე ყველა აღიარებს, რომ პუტინი ახალი ჰიტლერია. ახალი ამბების ყურებისას ძნელია თავი დააღწიო გეოპოლიტიკური დეჟავიუს შეგრძნებას. თავის დროზე ავსტრიის ანშლუსისა და ჩეხოსლოვაკიის დაპყრობისადმი წაყრუებისა და დაშოშმინების პოლიტიკამ გაათამამა ნაცისტური გერმანია, პოლონეთს დასხმოდა თავს და ამით მსოფლიო ომი გამოეწვია.

ახლა უკვე ბევრმა ნათლად გააცნობიერა, რომ დღეს უკრაინაში რუსეთი არ შეიჭრებოდა, რამდენიმე წლით ადრე მას ასეთივე მოქმედება საქართველოს წინააღმდეგ ძვირად რომ დაჯდომოდა. თუმცა, ისიც ცხადია, რომ მხოლოდ საქართველოთი და უკრაინით რუსული ექსპანსიონიზმი არ შემოიფარგლება. საერთაშორისო საზოგადოება სვამს კითხვას – ვინ იქნება შემდეგი და რა უნდა გაკეთდეს პუტინის შესაჩერებლად.

შეიძლება ვიკამათოთ იმაზე, თუ რამდენად ეფექტურია ის ზომები, რასაც დემოკრატიული სამყარო რუსეთის წინააღმდეგ იღებს, მაგრამ ფაქტია, რომ დიდი თუ პატარა სახელმწიფოები უკრაინის დასახმარებლად თანაზომადი წვლილის შეტანას ცდილობენ.

მინსკში გაფორმებული ზავის მიუხედავად, რომელიც ბევრში სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხზე დაგომისისა და მოსკოვის შეთანხმებების ასოციაციებს იწვევს, ფარხმალს არც უკრაინა ყრის. პუტინის საფრთხის პირისპირ ქვეყანამ შიდა უთანხმოებები გვერდზე გადადო და საკუთარი სახელმწიფოებრიობის დასაცავად დასავლური არჩევანის ირგვლივ გაერთიანდა.

პროგნოზები უმადური საქმეა, მაგრამ ერთი რამის თქმა დანამდვილებით შეიძლება – რუსეთის წინააღმდეგ ომში, უკრაინა, რაც უნდა დიდი იყოს დანაკარგები, საბოლოოდ ჭრის საკუთარი იდენტობის კრიზისს  და ანტირუსულ, დასავლურ ერად ყალიბდება.

სად არის ამ დროს საქართველო? სამწუხაროდ, პასუხი მარტივია – არსად. არსად ყოფნა და არაფრის კეთება – ეს არის ივანიშვილის საგარეო პოლიტიკის კვინტესენცია, რომელიც ყველაზე მკაფიოდ სწორედ უკრაინის მოვლენებმა გამოააშკარავა.

თუ ჩავწვებით და გავიტრუნებით – გადავრჩებით – ასეთია ფილოსოფია, რომელსაც ხელისუფლება თავის ფსევდოპრაგმატულ საგარეო პოლიტიკას ამყარებს. ეს პოლიტიკა არანაირ ღირებულებებს არ ეფუძნება, არამედ, ერთი შეხედვით, მარტივ მიზანს – თვითგადარჩენას ისახავს მიზნად. სამწუხაროდ, ეს მიდგომა თვითგადარჩენის ნაცვლად, თვითმკვლელობის საწინდარი შეიძლება აღმოჩნდეს.

ივანიშვილის საგარეო პოლიტიკის მთავარი და ყველაზე მავნებლური შეცდომა გაახმოვანა ვიცეპრემიერმა კალაძემ, როცა განაცხადა,  რომ „არ უნდა ვიქნეთ გამოყენებული კონკრეტული დიდი ქვეყნების რაღაც პოლიტიკაში, რადგან ამ ვითარებიდან ისევ გალახულები გამოვდივართ ჩვენ“. სწორედ ასეთ პოლიტიკას ადარებდა ჩერჩილი ნიანგის დაშოშმინებას იმ იმედით, რომ იქნებ ბოლო შეგჭამოს.

რამდენადაც მწარე უნდა იყოს ამის გაცნობიერება, ფაქტია, რომ რეგიონში ძალთა ბალანსის რევიზიონისტული და ექსპანსიონისტული სახელმწიფოს სასარგებლოდ გადახრა, პატარა ერებისათვის ეგზისტენციურ რისკებს მკვეთრად ზრდის. გაზრდილ საფრთხეებზე პასუხი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს ჩირგვებში ჩაძრომა. ასეთ შემთხვევაში რუსეთმა ისე შეიძლება გადაგვსანსლოს, რომ ამის შესახებ ვერც ვერავინ გაიგოს. გამოსავალი სირაქლემას პოზაში ჩადგომა კი არა, დიპლომატიური ძალისხმევის გაასმაგება, ახალი მოკავშირეების ძიება, არსებული პარტნიორული ურთიერთობების განმტკიცებაა.

დეკლარირებული პროდასავლური კურსის მიუხედავად, რეალურად, ჩვენი მთავრობა შენიღბული ნეიტრალიტეტის პოლიტიკას ატარებს. არადა, ეს გზა საქართველომ მე-20 საუკუნეში უკვე გამოსცადა – 1920 წელს სოციალ-დემოკრატებმა ქვეყანა ნეიტრალურად გამოაცხადეს, შემდეგ ეს პრინციპი კონსტიტუციაშიც კი ჩაწერეს, მაგრამ ყველამ ვიცით, როგორ განვითარდა ისტორია.

მსგავს პოლიტიკას ატარებდა 90-იან წლებში შევარდნაძე, თუმცა ამის მიუხედავად, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესია არ შეაჩერა – სულ მცირე, შეგვიძლია 2002 წელს დაბომბილი პანკისი გავიხსენოთ, ხოლო პირადად შევარდნაძეს 2 ტერაქტი მოუწყო. თუნდაც დღეს, ვოლსკისა და ზაქარეიშვილის პირობებშიც კი, რუსეთი ახალი მავთულხლართების გაბმასა და მცოცავ ოკუპაციას აგრძელებს.

თუ საკუთარი გამოცდილება არ გვაკმაყოფილებს, შეგვიძლია მეზობლების მაგალითებიც მოვიშველიოთ – კონსტიტუციითა და კანონებით გამყარებულმა ნეიტრალიტეტმა თუ ბლოკს-გარეშე სტატუსმა ვერც მოლდოვა და ვერც უკრაინა ვერ დაიცვა რუსული აგრესიისა და ოკუპაციისაგან.

ამასთანავე, კარგი იქნება თუ ჩვენი მთავრობა გააცნობიერებს, რომ თეორიულად, ნეიტრალური შეიძლება იყო, მაგალითად, ქაშმირის ირგვლივ ინდოეთ-პაკისტანის დაპირისპირებაში, მაგრამ საკუთარი არსებობისადმი ნეიტრალური ვერ იქნები. აქედან გამომდინარე, ეს არჩევანი უკვე ნეიტრალიტეტი კი არა, უკეთეს შემთხვევაში – კაპიტულაცია, ხოლო უარესში – სამშობლოს ღალატია.

გაიმარჯვებს თუ არა რუსეთი უკრაინაში, სწორედ ჩვენი ყოფნა-არყოფნის საკითხს უკავშირდება. შეუძლებელია, რომ აქ საქართველო ნეიტრალური იყოს. თუმცა, როგორც ქართულმა ოცნებამ კარგად დაგვანახა, ზოგჯერ შეუძლებელიც შესაძლებელი ხდება. ამის საილუსტრაციოდ შეგვიძლია გავიხსენოთ მინისტრ ზაქარეიშვილის უცნაური განცხადება, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შესახებ მას პოზიცია არ აქვს.

გაუგებარია, როგორ შეიძლება პოზიცია არ ჰქონდეს იმ ქვეყნის მთავრობის წევრს, რომლის ტერიტორიის 20% იმავე რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. აქ, როგორც ჩანს, ისეთი რთული დიალექტიკაა, გაგება რომ შეძლო, ალბათ, ზაქარეიშვილის მსგავსად ყაზანში, ლენინის ალმა მატერში, მეცნიერული კომუნიზმი უნდა გქონდეს ნასწავლი.

ჩვენ როცა გვიჭირდა, უკრაინის მთავრობის წევრებს არ უთქვამთ, რომ არ აქვთ პოზიცია საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე. ყველას კარგად გვახსოვს, როგორ დაგვეხმარა უკრაინა 2008 წელს ან უფრო ადრე, 1990-იანი წლების დასაწყისში. დღეს კი, როცა ახლა უკვე უკრაინას სჭირდება საქართველოს დახმარება, ჩვენი მთავრობა მოზომილი დიპლომატიური განცხადებებით იფარგლება.

უფრო მეტიც, მთელ რიგ შემთხვევებში, ნებსით თუ უნებლიეთ, ჩვენი მთავრობის პოლიტიკა პუტინის საერთაშორისო ლეგიტიმაციას უწყობს ხელს. ასე მაგალითად, BBC-ის ეთერით გაჟღერებული პრემიერ ღარიბაშვილის უკრაინისადმი მოწოდება, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, იმპლიციტურად გულისხმობს, რომ თითქოს პრობლემა მისი მოწოდების ადრესატში – უკრაინის პროდასავლურ მთავრობაშია და არა პუტინის იმპერიალისტურ მისწრაფებებში.

ასეთი პრორუსული პოზიცია ნაზარბაევსა და ქარიმოვსაც კი არ აქვთ. ასე რომ, უკრაინის საკითხში ევროპულ ქვეყნებს კი არა, თუნდაც ყაზახეთსა და უზბეკეთს რომ მივბაძოთ, პუტინისაგან დისტანცირების კუთხით, ჩვენი მთავრობის შემთხვევაში ესეც მნიშვნელოვანი პროგრესი იქნება.

ქართული ოცნების ამ მცდარი საგარეო პოლიტიკის ფესვები მათ წინასაარჩევნო რიტორიკაში უნდა ვეძებოთ. ყველას კარგად გვახსოვს მეოცნებეთა ერთ-ერთი ცენტრალური გზავნილი – ომი საქართველომ დაიწყო და თუ არ გავაღიზიანებთ, რუსეთთან ურთიერთობები დალაგდება. მართალია, დღეს, უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის ფონზე, ამის მტკიცება რთული ხდება, მაგრამ მაშინ ბევრმა ამომრჩეველმა ქართულ ოცნებას ხმა სწორედ ამ დაპირების გამო მისცა.

მას შემდეგ საკმაო დრო გავიდა. დამარცხებულმა პოლიტიკურმა ძალამ, ისევე როგორც გამარჯვებული კოალიციის ამომრჩეველთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა საკუთარი შეცდომებიდან სათანადო დასკვნები გამოიტანეს. უკვე დროა, რომ ასეთივე რამ მმართველმა ძალამაც გააკეთოს.

ჩვენი საგარეო პოლიტიკა წინასაარჩევნო რიტორიკის მძევალი არ უნდა იყოს. მით უმეტეს, როცა ამავე მთავრობამ წარმატებულად შეძლო წინასაარჩევნო პოპულიზმის ტყვე არ ყოფილიყო, როცა საქმე საშინაო პოლიტიკას ეხებოდა. დროა გააცნობიერონ, რომ რუსეთთან ურთიერთობათა ნორმალიზება იმდენადვე რეალიზებადი დაპირებაა, რამდენადაც – ტარიფების განახევრება, პენსიების გაორმაგება, ყველა სოფელს 5 მილიონი, და ა.შ.

რუსეთთან ენის მოჩლექით ლაპარაკის პოლიტიკა გულუბრყვილო თავისმოტყუებას ეფუძნება – თითქოს პირობითი ფანჯიკიძე და პირობითი ზაქარეიშვილი უფრო ჭკვიანები არიან, ვიდრე რუსული საგარეო პოლიტიკის არქიტექტორები და ამიტომ, მათ გაცურებას შეძლებენ.

იგულისხმება, რომ, ერთი მხრივ, რუსებს არ ესმით, რა არის საკუთარი სახელმწიფო ინტერესი, ხოლო, მეორე მხრივ,  ჩვენმა მთავრობამ უკეთ იცის, რეალურად, მათ რა და როგორ სჭირდებათ. მოსკოვს არ შესწევს უნარი, საკუთარი სახელმწიფო ინტერესის შესაბამისად იმოქმედოს, ვინაიდან ადვილად შეიძლება აყვეს ემოციებს. თუ გავაღიზიანებთ, შეიძლება გაბრაზდნენ და აფექტურ მდგომარეობაში ჩვენ წინააღმდეგ სამხედრო ან ეკონომიკური ზომები მიიღონ, რის გაკეთებასაც ისე არ აპირებდნენ, ჩვენ რომ პროვოცირება არ მოგვეხდინა.

მაგრამ, სინამდვილეში, რუსეთი კი არ მოქმედებს ემოციების საფუძველზე, არამედ – ჩვენი მთავრობა. ამ ემოციას ჰქვია შიში. ეს შიში მას რაციონალური აზროვნებისა და მოქმედების უნარს ართმევს. თავად რუსეთის მოქმედებები კი აბსოლუტურად რაციონალური და ემოციებისაგან სრულიად დაცლილია. მათ საგარეო პოლიტიკაში ყველაფერი ლოგიკური და გეგმაზომიერია.

პუტინის მიზანია მე-20 საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფის – სსრკ-ის დაშლის – შედეგების აღმოფხვრა და იმპერიის აღდგენა. ის ხედავს, რომ თავისუფალი სამყაროს ლიდერები არიან არა რეიგანი და თეტჩერი, არამედ ობამა და მერკელი. იმასაც ამჩნევს, რომ მეზობელი მცირე ერების სათავეში დგანან არა ვალენსა და ჰაველი, არამედ იანუკოვიჩი და ივანიშვილი.

ბუნებრივია, პუტინი ცდილობს, ეს ისტორიული შანსი ხელიდან არ გაუშვას. ლოგიკურია, რომ ჩქარობს, რადგან 2016 წელს ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება და ახალი ადმინისტრაცია ობამასავით „მოქნილი“ შეიძლება არ იყოს.

თუკი ობამა მოქნილია და მერკელი – დამშოშმინებელი, მაშინ ჩვენ რაღა დაგვრჩენია? ჩვენ რა ვქნათ, ვიომოთ? – ასეთია მთავრობის პასუხი ოპონენტთა კრიტიკაზე. უნდა ვაღიაროთ, რომ ასეთი რიტორიკა ბევრზე ადრეც ჭრიდა და ახლაც ჭრის.

შეიძლება ზოგს საკამათოდ მოეჩვენოს, მაგრამ 2012 წლის არჩევნებზე ნაციონალური მოძრაობის მარცხი (სხვა ფაქტორებს აქ აღარ ვეხები) ბევრწილად 2008 წლის ომმა განაპირობა. შეცდომებისა თუ ოპონენტების წარმატებული პროპაგანდის შედეგად, არაერთი ამომრჩევლის თვალში, ჩვენი პოლიტიკური ძალა ომთან და არეულობასთან გაიგივდა.

აუტირებული კოლექტიური მეოცნებე აუცილებლად იტყვის –  „ნაციონალური მოძრაობა ციხიდანაც კი ომზე ფიქრობს“ – არა, მეგობარო, არც მე და არც ჩემი თანამებრძოლები ომზე არ ვფიქრობთ, არც 2008 წლის აგვისტოში ვფიქრობდით… მე, უბრალოდ, ტბელი აბუსერისძის (ყოფილი მატროსოვის) ქუჩიდან ვცდილობ, დავანახო საზოგადოებას, თუ რა არის ქვეყნის სტრატეგიული ინტერესი და შესაძლებლობა, რომელსაც, სამწუხაროდ, დღეს არ ვიყენებთ.

დაკვირვებული მკითხველი მიხვდება, რომ ეს სტატია არა ომზე, არამედ სწორედაც რომ ომის პრევენციასა და მშვიდობაზეა. საღად მოაზროვნე ადამიანისთვის ძნელი გამოსაცნობი არც ისაა, რომ თავის გასამართლებლად მთავრობა ე.წ. საფრთხობელას სოფისტურ ხრიკს (strawman fallacy) იყენებს – ოპონენტების კრიტიკას განზრახ ამახინჯებს, რათა შემდეგ მისი გაბათილება გაუადვილდეს.

ვერ გეტყვით, რამე იცის თუ არა ამ სოფისტური ხრიკის შესახებ, მაგრამ სწორედ ამას აკეთებს ივანიშვილი, როცა ახლახან გამოქვეყნებულ ინტერვიუში ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას სურს, რომ ცეცხლის ალში იწვოდეს საქართველო, ... ღმერთმა გადაგვარჩინა, რომ ისინი არ არიან დღეს ხელისუფლებაში, თორემ შესაძლოა, ამ ომში ჩართული საქართველო გვეხილა. ... შარვლიდან ამოხტომა ვისაც უნდოდა, მან ქვეყანა საშინელ დღეში ჩააგდო. ხტებოდა კიდეც შარვლიდან და გლობალურ მოთამაშედ გვაჩვენებდა თავს. მათ რაც დამართეს ქვეყანას, კარგად დავინახეთ. ახლა ეს ბავშვები გვიკიჟინებენ, რომ ჩვენ ისევ ომში უნდა ჩავერთოთ“.

არ არის აუცილებელი, მეტერნიხის ტვინით იყო დაჯილდოებული, რომ მიხვდე – ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე პატარა სახელმწიფოს არჩევანი მხოლოდ ომითა და არაფრის კეთებით არ შემოიფარგლება. ამ უკიდურესობებს შორის შესაძლებლობათა ძალიან ფართო სპექტრია, რომლებსაც, სამწუხაროდ,  ჩვენი მთავრობა არ იყენებს.

საკუთარის მოფიქრება თუ არ შეგვიძლია, ჩვენივე ზომებისა და შესაძლებლობების სხვა ქვეყნებისგან შეგვიძლია მაგალითის აღება. ომით არც ლიტვა, ლატვია და ესტონეთი არ ომობენ, მაგრამ, ჩვენგან განსხვავებით, ჩვენზე პატარა ეს სახელმწიფოები დღეს უკრაინას ქმედითად ეხმარებიან. ჩვენგან განსხვავებით, ამ ქვეყნების მთავრობებს კარგად ესმით საკუთარი ქვეყნების ეროვნული ინტერესი.

ჩვენგან განსხვავებით, ბალტიის ლიდერები რეალისტურ საგარეო პოლიტიკას ატარებენ – ისინი მშვენივრად აცნობიერებენ ერთი შეხედვით მარტივ, მაგრამ ჩვენი მთავრობისთვის მიუწვდომელ ჭეშმარიტებას – რუსეთს დღეს უკრაინაში უნდა ეომო (თუნდაც დიპლომატიური და არასამხედრო საშუალებებით), იმისათვის, რომ ხვალ ეს ომი (მათ შორის, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით) უკვე საკუთარ ტერიტორიაზე არ მოგიწიოს.

ამის ნაცვლად, ჩვენი მთავრობა სანზარუს ანუ სამი მაიმუნის პოლიტიკას ატარებს – არ ესმის და არ ხედავს რუსეთის ბოროტებას, ხოლო როცა ხედავს ან ესმის – არ ლაპარაკობს ამის შესახებ. მაშინაც კი, როცა სხვადასხვა მიზეზის გამო წაყრუება და თვალის დახუჭვა არ გამოდის და ქართული ოცნების რომელიმე წევრი იძულებული ხდება, პუტინის საწინააღმდეგოდ რამე თქვას – მთავრობა არაფერს აკეთებს საკუთარი სიტყვების საქმით გასამყარებლად.

ეს ალბათ გასაკვირი არც უნდა იყოს, თუ გავითვალისწინებთ, რომ „ის ბრძენი კაცი, ბატონი ბიძინა“, როგორც პრემიერი ღარიბაშვილი მას სერვილური მაამებლობით მოიხსენიებს ხოლმე, „ვერ იჯერებს, რომ რუსეთის სტრატეგია არის მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების დაპყრობა და ოკუპაცია“.

რაც უნდა ყურისმომჭრელი იყოს ივანიშვილის ეს სიტყვები, ჩვენს გაკვირვებას მაინც არ უნდა იწვევდეს – ის ხომ საქართველოში რუსეთის soft power პროექტს წარმოადგენს. ამის შესახებ ხომ დაუფარავად გვაუწყებდა საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი მარგველაშვილი ჯერ კიდევ 2011 წელს ჟურნალ ლიბერალის ფურცლებიდან (ანუ მანამდე დიდი ხნით ადრე, სანამ „ხასიათს გამოავლენდა“, ჯერ კიდევ პლასტილინის როცა იყო).

მაშინ მარგველაშვილი ვარაუდობდა, რომ ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ რუსეთი უარს იტყოდა ტანკებითა და ჩექმით საქართველოში წესრიგის დამყარებაზე. ქართულ პოლიტიკაში მოსკოვისთვის მისაღები ძალის გამოჩენით ჩვენს ქვეყანაზე რუსული აგრესიის საფრთხე უნდა შემცირებულიყო.

სინამდვილეში კი, პირიქით მოხდა – ივანიშვილის soft power-მა რუსეთის აგრესია კი არ გაანეიტრალა (საქართველო დღეს ასეთი აგრესიისგან ისე დაუცველია, როგორც არასდროს), არამედ რუსეთმა საქართველო გაანეიტრალა, როგორც თავისი გეგმების განხორციელების გზაზე ხელის შემშლელი ფაქტორი.

რაც უნდა უცნაურად მოეჩვენოს ვინმეს, განსაკუთრებით, ტბელი აბუსერისძის ქუჩის ბინადრის მხრიდან ამის მტკიცება, 2012 წლის არჩევნებზე მარცხი ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის, საბოლოო ჯამში, სასარგებლო გამოდგა – ამან საშუალება მოგვცა უკეთ დაგვენახა ის, რასაც მანამდე სხვადასხვა მიზეზით ვერ ვხედავდით, გავთავისუფლებულიყავით იმ ხალხისგან, რომელთა ადგილი ჩვენ გვერდით სინამდვილეში არც არასდროს ყოფილა, დაგვეწყო განახლების პროცესი, რომლის გარეშე ჩვენ მომავალი არ გვექნებოდა, თუნდაც იმ არჩევნებში მაშინ გაგვემარჯვა.

დასანანი მხოლოდ ისაა, რომ ხელისუფლებიდან ჩვენი გუნდის წასვლა რეგიონში რუსეთის სასარგებლოდ შეცვლილ გეოპოლიტიკურ ძალთა ბალანსად ითარგმნა. საქართველოს საკითხის თუნდაც დროებით გადაწყვეტამ პუტინს უკრაინასთან ომისთვის ხელ-ფეხი ბოლომდე გაუხსნა და ზურგი გაუმაგრა. რომ არა ფეთქებადსაშიში კავკასიური მიმართულების განეიტრალება, რუსეთისთვის უკრაინის 700 კმ-იან ფრონტზე ომი ბევრად უფრო რთული იქნებოდა.

დღეს კი, საქართველო მიყუჩებულია, დამალულია, ტრადიციული პარტნიორებისგან დისტანცირებულია. უკრაინისთვის პირდაპირ დახმარებაზე რომ არაფერი ვთქვათ, გაუგებარია, რატომ არ ცდილობს ჩვენი მთავრობა შექმნილი ვითარება საქართველოსთვის სასარგებლოდ გამოიყენოს. სხვას რომ თავი დაანებო, ხომ შეიძლება, საერთაშორისო საზოგადოებას ყველა ტრიბუნიდან შეახსენო ხოლმე ყირიმის მსგავსად ოკუპირებული აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის შესახებ.

ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ დღეს ნაციონალური მოძრაობა მართავდეს ქვეყანას, ნათელი გახდება, რამდენად მძიმე ბრძოლა მოუწევდა რუსეთს მეორე, დიპლომატიურ ფრონტზე. ამ ფონზე უფრო ცხადად შევძლებთ იმის გაცნობიერებას, თუ რამდენად კომფორტულია პუტინისთვის ივანიშვილი და კომპანიის საგარეო პოლიტიკა.

უკრაინასთან საქართველოს მიბმას ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ეს არის შანსი, ჩვენი გაყინული კონფლიქტების თემა საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგში მოვახვედროთ. ობამა და მერკელი კი არა, ჩემბერლენი და დალადიე რომ გააცოცხლო, ისინიც ვერ შეძლებენ, ყირიმის ოკუპაციასა და ანექსიაზე თვალი დახუჭონ. ადრე თუ გვიან, დასავლეთი რუსეთს აიძულებს, რომ აქედანაც გავიდეს, ისევე როგორც აიძულა, გასულიყო ბერლინიდან, პრაღიდან, ბუდაპეშტიდან და ა.შ.

ამ მომენტს ჩვენ მომზადებულები უნდა შევხვდეთ. დასავლურ საზოგადოებრივ აზრში უნდა მოვახერხოთ იმ პოზიციის დამკვიდრება, რომ  აფხაზეთი და ყირიმი, თვისობრივად, ერთი და იგივე საკითხია, რათა მაშინ, როცა რუსეთს ყირიმის დატოვება მოუწევს, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების საკითხიც წამოიჭრას.

მანამდე კი, ისეთი მთავრობა, რომელიც ეროვნული ინტერესით ხელმძღვანელობს, ძალისხმევას არ უნდა იშურებდეს, რომ დასავლეთის მხრიდან უკრაინის სამხედრო, ეკონომიკური თუ სხვა ტიპის  დახმარების პროცესში, ეს დახმარება საქართველოსთვისაც იყოს გათვალისწინებული, როგორც ანალოგიურ ვითარებაში მყოფი ქვეყნისათვის.

საყოველთაოდ გავრცელებულია აზრი, რომ თუ რუსეთი არ დასუსტდა, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს ვერ დავიბრუნებთ. თუმცა, ისიც ნათელია, რომ რუსეთის დასუსტება  არ არის საკმარისი წინაპირობა, მთავარია, საქართველო იყოს მზად! ამაში დასარწმუნებლად საკმარისია, ჩვენი უახლოესი წარსულიდან ერთ მრავლისმეტყველი, თუმცა კი გაუხმაურებელი ისტორია გავიხსენოთ.

1990-იანი წლების მეორე ნახევარში ე.წ. სამხრეთ ოსეთის სათავეში იდგა ლუდვიგ ჩიბიროვი. ქართველებისადმი მას არანაირი პირადი ანტიპათია არ ჰქონია. უფრო მეტიც, ჩიბიროვი, პრაქტიკულად, თბილისში ცხოვრობდა. მას ხშირად ხედავდნენ რიყეზე მდებარე რესტორან „მეგრელებში“, სამკურნალოდ – რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

2001 წლის „საპრეზიდენტო არჩევნებში“ ჩიბიროვმა საქართველოს მაშინდელ მთავრობას დახმარება სთხოვა, სულ რაღაც 35 000 დოლარი. გამარჯვების შემთხვევაში იგი საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესებას და კონფლიქტის მოგვარების პირობასაც კი დებდა.

იმ დროინდელ რუსეთს მართლაც არ ეცალა სამხრეთ ოსეთისთვის, მაგრამ საოცრება ისაა, რომ არც საქართველოს მთავრობას ეცალა. ჩიბიროვს დახმარებაზე უარი უთხრეს. შედეგად მივიღეთ ჩვენთვის კარგად ნაცნობი ედუარდ კოკოითი, რომლის პოლიტიკა საქართველოს მიმართ მკაცრი და მკვეთრად ანტაგონისტური იყო.

ადრე თუ გვიან, გეოპოლიტიკური ბალანსი ისევ ჩვენ სასარგებლოდ შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ვშიშობ, რომ თუ დღევანდელი პოლიტიკა გაგრძელდება, ეს შანსი შეიძლება მაშინაც ხელიდან გავუშვათ. ასე რომ არ მოხდეს, საჭიროა, ბევრი რამ ფუნდამენტურად შეიცვალოს, არა მხოლოდ პოლიტიკური კლასის შიგნით, არამედ მთლიანად ჩვენს საზოგადოებაში.

კომენტარები