საქართველოს პრეზიდენტი

მარგველაშვილი: მეც იმედი მაქვს, რომ რუსეთს ანექსიის სურვილი არ აქვს

გიორგი მარგველაშვილი
facebook.com/Margvelashvili

„მეც იმედი მაქვს, რომ რუსეთს [საქართველოს ტერიტორიის] ანექსიის სურვილი არ აქვს, თუმცა ოკუპაცია განხორციელებულია", - თქვა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში სტუმრობისას.

პრეზიდენტს ჟურნალისტმა ჰკითხა, არის თუ არა საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ერთიანი მაშინ, როდესაც მაგალითად BBC-ის ეთერში ქვეყნის პრეზიდენტმა და მანამდე პრემიერმა ერთმანეთის საპირისპირო შეფასებები გააკეთეს. შეგახსენებთ, მარგველაშვილმა თქვა, რომ 2008 წლის ომი და უკრაინის კრიზისი ერთი რუსული სცენარის ნაწილია. ღარიბაშვილის შეფასებით კი „რუსეთს საქართველოს ტერიტორიების ანექსიის განზრახვა არ აქვს" და ყირიმისა შედარება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან შეცდომაა.

"ანექსია განსხვავდება ოკუპაციისგან იმით, რომ ოკუპაციის შემთხვევაში ჩვენ ვიცით, რა არის სტატუსი, საქართველოში არის აღიარებული ორი ტერიტორია. ყირიმის შემთხვევაში, ყირიმი არ იქნა აღიარებული ცალკე ქვეყნად, არამედ რუსეთის შემადგენლობაში შევიდა და მეც ასევე ვიზიარებ იმ იმედს, რომ აქ ანექსიაზე არ არის საუბარი," - თქვა პრეზიდენტმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

გიორგი მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომ მიიჩნევს საქართველოსა და უკრაინის მოვლენებს ერთი სცენარის ნაწილად:

"ჩემს განცხადებებში BBC-ზე მე ვეყრდნობოდი არა ჩემს მოსაზრებებს, არამედ სწორედაც რომ რუსეთის ფედერაციის უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს. არაერთხელ მოვისმინეთ რუსეთის ფედერაციის უმაღლესი თამადებობის პირებისგან საუბარი პრივილეგირებული ინტერესეის სფეროებზე. ვისმენთ, რომ რუსეთის ფედერაციას ამ ტერიტორიაზე რაღაც განსაკთრებული, ექსკლუზიური უფლებები გააჩნია, შემდეგ ვხედავთ არა მაინცდამაინც კეთილმეზობლურ ურთიერთობებს საქართველოსთან, უკრაინასთან, მოლდოვეთსაც იგივე, ტერიტორიული პრობლემები აქვს. ამ შემთხვევაში მარტივ დასკვნას ვაკეთებთ, რომ როდესაც ეს არის გაცხადებული პოლიტიკა და მას მოჰყვება კონკრეტული ქმედებები, ვდგევართ იმ რეალობის წინაშე, რომ ეს არის მომავლის ერთიანი გეოპოლიტიკური ხედვა მომავლის", - ამბობს მარგველაშვილი.

პეზიდენტის თქმით, არც საქართველო, არც უკრაინა და არც მოლდოვა რუსეთის მიმართ აგრესიულად არ არის განწყობილი:

„პირიქით, ჩვენ გვინდა თანამშრომლობა, ერთიანი განვითარება, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარების ფონზე ... თუ რუსეთი აღიარებს, რომ აფხაზეთი და ოსეთი არის საქართველოს შემადგენელი ნაწილი, მაშინ რუსეთი არ არის საქართველოს მტერი. ქართული სახელმწიფოს ერთადერთი პრეტენზია რუსული სახელმწიფოს მიმართ მდგომარეობს იმაში, რომ რუსული სახელმწიფო ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს არ აღიარებს. თუ ეს საკითხი მოიხსნება და საქართველო იქნება გამთლიანებული, მაშინ საქართველოს ექნება კეთილმეზობლური ურთიერთობა რუსეთთან. ამის გარდა რუსეთთან გასაყოფი და პრობლემა არ გაგვაჩნია", - ამბობს პრეზიდენტი.

კომენტარები