მთავრობის სხდომა

ღარიბაშვილი: მედიასაშუალებებს ჩვენი პროგრესი არ გაინტერესებთ

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/GaribashviliOfficial

"რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და რაც მედიასაშუალებებს არ გაინტერესებთ, სამწუხაროდ, ეს არის ის პროგრესი და წარმატება, რომელსაც ჩვენმა ხელისუფლებამ ბოლო ორი წლის განმავლობაში მივაღწიეთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე პარასკევს, 5 სექტემბერს.

ღარიბაშვილის თქმით, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის მოხსენების მიხედვით, საქართველოს რეიტინგი გაუმჯობესდა და 144 ქვეყანას შორის 72-ე ადგილიდან 69-ე ადგილზე გადმოინაცვლა.

"საქართველო წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა სლოვენია, სლოვაკეთი, უკრაინა, საბერძნეთი, მოლდოვა, სერბეთი, ალბანეთი, არგენტინა და ჩვენ ჩვენი ქვეყნის პოზიცია გავაუმჯობესეთ ძალიან ბევრ კომპონენტში", - ამბობს ღარიბაშვილი.

პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ გაუმჯობესებული არის მაკროეკონომიკური გარემო და სთხოვა შესაბამის სტრუქტურებს, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებასთან უფრო მეტი კომუნიკაცია აწარმოონ.

მან ჩამოთვალა, თუ რა სფეროებში მიაღწია მთავრობამ წარმატებას. მინისტრის თქმით, მათ შორის არის ჯანდაცვა, განათლება, აგრარული სფერო, ბიზნესის განვითარება, ინოვაციები, საკუთრების უფლება, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, საჯარო სახსრების გვერდის ავლა, სასამართლოს დაუმოუკიდებლობა, დავების სამართლებრივი გზით გადაწყვეტის ეფექტიანობა, მთავრობის პოლიტიკური კურსის გამჭირვალობა და სხვა.

"ორგანიზებული კრიმინალი გაუმჯობესდა 37 საფეხურით და 64 ადგილიდან 24 ადგილზე გადმოინაცვლა. და, სხვათა შორის, მე მინდა მოგიწოდოთ მედიასაშუალებებს, რომლებსაც ძალიან გაინტერესებთ კრიმინალთან დაკავშირებული არსებული სიტუაცია, რომ ამოწიოთ გასულ წლებში თქვენ მიერ გაშუქებული და არგაშუქებული ძალიან მძიმე დანაშაულები და ასევე გადაავლოთ თვალი, თუ რამდენად გამჭვირვალედ მუშაობს დღეს მთელი მთავრობა და შს სამინისტრო", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა უელსის სამიტზე გაგზავნილი ქართული დელეგაციის გამოსვლები წარმატებულად და ღირსეულად შეაფასა. მისი თქმით, მთავრობა აკეთებს ყველაფერს ქვეყნის წინსვლისთვის.

"მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო მიიღებს იმას, და შეფასდება ყველა ის პროგრესი, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ და, რაც მთავარია, ჩვენ აღნიშნული სამიტი კიდევ უფრო დაგვაახლოვებს NATO-სთან, კიდევ უფრო მეტი გაგვიჩნდება შესაძლებლობები, რომ კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები