ემი 2014

Breaking Bad და Sherlock ემის დაჯილდოების ტრიუმფატორები გახდნენ

Reuters

ემის 66-ე დაჯილდოების ტრიუმფატორები ვინს გილიგანის სერიალი Breaking Bad და BBC-ის Sherlock გახდნენ.

ამერიკის საუკეთესო სატელევიზიო შოუების დაჯილდოების ცერემონიაზე უოლტერ უაითისა და ჯესი პინკმანის ისტორიის ფინალურმა სეზონმა ყველაზე მეტი, 5 მთავარი ჯილდოს მოპოვება შეძლო. Breaking Bad წლის საუკეთესო დრამა სერიალი გახდა. მთავარი როლის შემსრულებელმა ბრაიან კრენსტონმა დრამატული როლის შემსრულებლისთვის განკუთვნილი ჯილდო მოიპოვა, აარონ პოლი და ანა განი კი მეორეხარისხოვანი როლების საუკეთესოდ შესრულებისთვის დააჯილდოვეს.

Breaking Bad-მა უმთავრეს კონკურენტს True Detective-ს მხოლოდ ერთი მთავარი ჯილდო დაუთმო. წლის საუკეთესო რეჟისორი ნამდვილი დეტექტივების ყველა ეპიზოდის შემქმნელი, კარი ფუკუნაგა გახდა. ნიკ პიცოლატოს სერიალმა ამის გარდა კიდევ სამი მეორეხარისხოვანი ჯილდო მოიპოვა.

ემის დაჯილდოებაზე 7 ნომინაციაში გაიმარჯვა BBC-ის სერიალმა Sherlock. მინისერიალში ან სატელევიზიო ფილმში საუკეთესოდ შესრულებული როლებისთვის ჯილდოები ბენედიქტ ქამბერბაჩმა და მარტინ ფრიმენმა მიიღეს. Sherlock-ის მესამე სეზონის დასკვნითი სერია კი წლის საუკეთესო სატელევიზიო ფილმი გახდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, საუკეთესო კომედიური სერიალად Modern Family აღიარეს. ტელეკომპანია ABC-ის სიტკომი, ზედიზედ მეხუთე წელია, ყველაზე სასაცილო სატელევიზიო შოუს ტიტულის მფლობელი ხდება.

საუკეთესო მინისერიალისთვის განკუთვნილი ჯილდო Fargo-მ დაიმსახურა. ძმები კოენების ამავე სახელწოდების ფილმის სატელევიზიო ადაპტაცია ამ ნომინაციის უპირობო ფავორიტი იყო.

Game of Thrones-ისთვის ემის საღამომ ხმაურის გარეშე ჩაიარა. HBO-ს სერიალმა 19 ნომინაციიდან მხოლოდ გრიმისთვის, სპეციალური ეფექტებისთვის, კოსტიუმებისა და დეკორაციებისთვის განკუთვნილი, მეორეხარისხოვანი ჯილდოები მოიპოვა.

კომენტარები